• თბილისი
  • 31°C
  • 11 აგვისტო, 2020
article

მგზავრებს თუ პირბადეები არ ეკეთებათ, მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს - კახა კალაძე

მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე დიდ დიღომში ავტობაზაში, მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებამდე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამუშავდება. მისივე თქმით, რამდენად დაიცავენ პირბადის ტარების მოთხოვნას მოქალაქეები, ამას მეტროში პოლიცია გააკონტროლებს. კახა კალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ის ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

„ხვალ დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. მუნიციპალური ავტობუსები, მეტრო, მიკროავტობუსები, არის სრულ მზადყოფნაში. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იქნება წარმოებული,რადგან ასეთია მოთხოვნები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს და მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ რთულ ვითარებაში როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის რომ საქართველო ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების დროს გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“ - განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება.

 

„ერთადერთი მოთხოვნა რაც არის მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება.ავტობუსებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა არის პირბადეებით ასვლა. ერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიციონერის არჩართვა და არ მუშაობა, ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება არის ერთ-ერთი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება, ჩვენ დაგვეხმარება საპატრულო პოლიცია და მეტროში არ შეიშვებიან ადამიანები, ვისაც პირბადეები არ აქვს. მეტროში ფეხზე დგომა დასაშვები იქნება“, - აცხადებს კალაძე.


თეგები :