• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც კარანტინში იყო - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიური სიტუაცია შეაჯამა. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აღრიცხული 3 ახალი შემთხვევიდან, ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომლის წყაროც, ექიმის თქმით, მისთვის უცნობია, თუმცა მძღოლი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. 

რაც შეეხება დანარჩენ ორს, ეზუგბაიას განმარტებით, ისინი ახალი კორონავირუსის უკვე აღრიცხული შემთხვევების კონტაქტები არიან. 

ამ სამიდან არცერთი მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, სადაც დამატებით ორი ადამიანის გამოჯანმრთელების შემდეგ, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექციით 32 პაციენტი მკურნალობს. 

"ჩვენთან მყოფი 3 მძიმე ავადმყოფის დინამიკა გაუმჯობესებულია, შეიძლება, ითქვას, რომ 3-დან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, ორის მდგომარეობა უკვე დინამიურად გაუმჯობესებულია სუბიექტური გამოკვლევებით, თუ რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე ლაპარაკობს", - თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

28 მაისის დილის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 738 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 573 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 153 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.