• თბილისი
  • 30°C
  • 05 აგვისტო, 2020
article

უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე ბიძინა ივანიშვილს კითხვის ფორმით კი არ მივმართე, მინდოდა გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის კითხვით არ მიუმართავს და მას მხოლოდ გადაწყვეტილება შეატყობინა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ერთობლივი მსჯელობა არ ყოფილა.

„მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე, მე მინდოდა ეს გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს არის ნორმალური ქვეყნის მართვის ფორმა, არ შეიძლება, რომ უცებ სიურპრიზები შეაგდო, ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ეს „მისი გადაწყვეტილება იყო“.

„თქვენი გადაწყვეტილება არისო, როგორც სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან როცა არჩეული ვიყავი. იცოდეთ, კი დაგეხმარეთ, „ოცნების“ დახმარებით ამირჩიეს, მაგრამ თქვენი პრეზიდენტობა დამოუკიდებელი და ნეიტრალურია, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს, იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებაშიო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილიც მიიჩნევდა თუ არა, რომ გამოსავალი პოლიტიკოსების გათავისუფლება იყო, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

„არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ყოფილა არც ერთი ერთობლივი მსჯელობა. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მე მგონი ჩემი სიტყვით, ვეცადე ყოველ შემთხვევაში, რომ ყველაფერი მეთქვა ამის შესახებ, რომ ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება, ეს არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვართ ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.


თეგები :