• თბილისი
  • 22°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

თბილისის მერია, კალაძე-ტოგონიძის გარემოცვის წევრის კომპანიას 13 მილიონ 832 ათასს უხდის - ხელშეკრულება სულ რამდენიმე საათის წინ დაიდო

"პრესა.ჯიმ" თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2020 წლის 5 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მოოპოვა. 

ირკვევა რომ თბილისის მერიამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ და ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რაშიც 13,832,000 ლარს ვიხდით. 

ტენდერი კი, იმ კომპანიას მოაგებინა, რომლის დამფუძნებლებსაც თბილისის მერთან და ივანიშვილის გარემოცვასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

ხელშეკრულება თბილისის განვითარების ფონდსა და შპს "იმპოსტს" შორის, სულ რამდენიმე საათის წინ დაიდო და ავანსის ჩარიცხვის შესახებ, მასში მალევე შევიდა ცვლილება.

დოკუმენტში ვკითხულობთ რომ თაბუკაშვილის 46-ში/რ.ლაღიძის 6-ში მდებარე კადეტთა კორპუსის შენობის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყარო თბილისის მერიის ბიუჯეტია.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც ადრე ივანიშვილის კომპანიებში: "ატუსა" და "ბურჯში" მუშაობდა და შპს "იმპოსტის" დირექტორი, დავით ჩანტლაძე, რომელიც ასევე იყო ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიის, კერძოდ კი, "ანაგის" წარმომადგენელი. 

მეტიც, დავუთ ჩანტლძე კალაძის გარემოცვის წევრია.

მას ახლო ურთიერთობა აქვს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ტოგონიძესთანაც.

ეს კი იმაზე მეტყველებს რომ ივანიშვილის ერთი კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა ტოგონიძემ, 13,832,000 ლარიანი ტენდერი მისცა ივანიშვილის მეორე კომპანიის ყოფილ თანამშრომელ ჩანტლაძეს. 

აღსანიშნავია რომ კადეტთა კორპუსის შენობის რეაბილიტაციას იქ მცხოვრები ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. 

თუმცა, კალაძე სხვადასხვა მიზეზით, სამუშაოების დაწყებას აჭიანურებდა. 

ახლა კი, როდესაც ეპიდემია-პანდემიის გამო ქვეყანა სოციალური აფეთქების, ხოლო მოქალაქეთა დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, ბიუჯეტიდან 13 მილიონ 832 ათასი, ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილი კომპანიის ჩართულობით იხარჯება.

ხოლო მერიასა და თბილისის განვითარების ფონდში, რომლის დირექტორ ტოგონიძეს, კალაძის მსგავსად, 5 მოადგილე ჰყავს, ამტკიცებენ რომ "ყველა ტენდერი კანონის სრული დაცვით ტარდება". 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "იმპოსტს" ორი მფლობელი ჰყავს: გიორგი ოსეფაიშვილი (50 პროცენტი) და დავით ჩანტლაძე (50 პროცენტი), რომელიც ამავე დროს, კომპანიის დირექტორიცაა.

 


თეგები :

ტენდერი