• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მარტში, საკუთარი განჩინების საფუძველზე, ხელფასი და დანამატი - 9600 ლარი აიღო

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ისევე, როგორც სხვა ბევრი საჯარო თუ კერძო სტრუქტურა, სასამართლოც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, გაუქმდა პროცესების ნაწილი - ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მარტის თვეში მოხდა, თუმცა...

როგორც გამოცემა batumelebi.netgazeti.ge წერს, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მარტის თვეში, პანდემიის პირობებში და სწორედ მაშინ, როდესაც სასამართლოებმა მუშაობა შეაჩერეს, საკუთარი განჩინების საფუძველზე სახელფასო დანამატის სახით 9600 ლარი აიღო. ის ერთადერთი მოსამართლე არაა, რომელიც გასულ თვეს გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მიღწევების გამო ფულადი პრემიით დასაჩუქრდა. სტატიაში ნათქვამია, რომ სხვა მოსამართლეებმაც ხელფასებთან და ყოველთვიურ დანამატებთან ერთად, ხელფასების 60% მიიღეს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაშია ნათქვამი, „საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ყოველთვიურ დანამატთან ერთად, 2020 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 60 %-ის ოდენობით“. აღნიშნულ განკარგულებას თავად მოსამართლე მიქაუტაძე აწერს ხელს.

უცნობია, თუ რა რაოდენობის სახელფასო დანამატს იღებს თითოეული მოსამართლე, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს თანხა 500 ლარს აღწევს. აღნიშნულია ისიც, რომ ამ დანამატს ყველა მოსამართლე არ იღებს და ის ყველა სასამართლოში არ გაიცემა.

ცნობილია რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა ხელფასები - ის 4 ათას ლარს შეადგენს. ამას ემატება ხელფასის 60%, რომელიც 2,400 ლარია, თუმცა, უცნობია სახელფასო დანამატის ოდენობა. გამოდის, რომ რაიონული და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა მარტის თვეში 6,400 ლარზე მეტი აიღეს. თავმჯდომარის ხელფასი ამაზე 4,600 ლარია. მხოლოდ მარტის თვეში ეს თანხა 7,360 ასცდა.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, ისინი თვეში 5 ათას ლარს იღებენ, თავმჯდომარე კი - 5,800-ს. მარტის თვეში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა სახელფასო დანამატის გარდა 8,000 ლარი აიღეს, თავმჯდომარემ კი - 9,280.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 6000 ლარით არიან შეფასებულნი, თავმჯდომარის ხელფასი 7 ათასია. მიქაუტაძემ, რომელსაც აღნიშნული განკარგულება ეკუთვნის და რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, 9600 ლარი აიღო. ამასთან, უცნობია იმ ყოველთვიური დანამატის ოდენობა, რომესაც ის ხელფასთან ერთად იღებს.


თეგები :