• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

შესაძლებელია რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანს მეორედაც დაემართოს კორონავირუსი? - მეცნიერების ვარაუდები

„ენ-ბი-სი“ კორონავირუსის, როგორც ჯერ კიდევ სრულიად შეუსწავლელი დაავადების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

შეიძლება რომ ახალი კორონავირუსი ადამიანს მეორედაც, გარკვეული დროის შემდეგ დაემართოს? - ამ კითხვაზე მეცნიერებს ჯერ პასუხი არ აქვთ. „ვინაიდან, ეს დაავადება სიახლეა, ძნელია იმის პროგნოზი, თუ რა შეიძლება მოხდეს,“ - აცხადებს მედიასაშუალებასთან ერთ-ერთი ვირუსოლოგი.

ექსპერტების აზრით, ის პაციენტები, ვინც უკვე გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ხელმეორედ არ დაავადდებიან, თუმცა, ჯერ არ არის გარკვეული, რამდენხანს გაგრძელდება ეს იმუნიტეტი.

„შესაძლებელია, მათ გარკვეული იმუნიტეტი გამოუმუშავდეთ, მაგრამ დაცულები იქნებიან თუ არა მთელი ცხოვრება? ეს ჩვენ უბრალოდ არ ვიცით,“ - აცხადებს ალაბამას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი ფრენსის ლუნდი, თუმცა, ფიქრობს, რომ იმუნიტეტი შესაძლოა შენარჩუნდეს სეზონის ბოლომდე მაინც.

„ჩვენ ეს 100 პროცენტით არ ვიცით, რადგან კვლევები ჯერ არ არსებობს, მაგრამ თუ ახალი  კორონავირუსი ისე მოქმედებს, როგორც სხვა ნებისმიერი ვირუსი, დაინფიცირების და გამოჯანმრთელების შემდეგ, ადამიანს შესაძლოა გამოუმუშავდეს მისადმი იმუნიტეტი“ - ამბობს ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი.

თუმცა, არსებობს მთელი რიგი კითხვები. პირველ რიგში კი ის, განიცდის თუ არა ვირუსი მუტაციას. ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, მაგალითად, წლიდან წლამდე იცვლება.  „ამიტომაც ყოველ წელს გრიპის ახალი ვაქცინა იქმნება,“ - აცხადებს მინესოტას უნივერსიტეტის ექიმი ინფექციონისტი ტიმ შაკერი.

წინასწარი შედეგები მეცნიერებს მაინც ოპტიმისტური აქვთ, თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან იმუნიტეტზე მსჯელობისთვის და კითხვებზე პასუხისთვის, საჭიროა დამატებითი კვლევები. კორონავირუსი კი სრულიად ახალი ვირუსია და ამიტომ დაზუსტებული პროგნოზები რთულია.


თეგები :