• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

"შენ გგონია სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობ?" - რატომ შეწყდა ზონდერ გეგეშიძის სასამართლო და როგორ აშანტაჟებდნენ მოჭიდავე დათუნაშვილს - სკანდალური დეტალები

გასული 2019 წელი, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისთვის სკანდალით დაიწყო. საზოგადოებას კარგად ახსოვს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგე გეგეშიძის დაპირისპირება, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ სპორტსმენის მისამართით განხორციელებულ უკანონო ქმედებას მოყვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, შსს საქმით მხოლოდ "შაბათის კურიერის" სიუჟეტის შემდეგ დაინტერესდა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც რეჟიმის ერთერთი მთავარი ზონდერია, ბრალდებული გახდა, თუმცა სასამართლომ მიუხედავად საქმის სიმძიმისა, მას თანამდებობრივი უფლებამოსილება არ შეუჩერა და გეგა გეგეშიძე აღვკვეთი ღონისძიების შემდეგ კვლავ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დარჩა. 

ამ საქმეზე პირველი უკანონობა, რომელიც სახელისუფლებო შტოსგან ვიხილეთ სწორედ აქ გამოიკვეთა - სასამართლომ საქმის მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობის უშუალო უფროსად ბრალდებული დატოვა, რაც მოწმეზე ირიბ ზეწოლად შეიძლება შეფასდეს... 

ამის შემდეგ იყო ბევრი სატელევიზიო ეთერი და ბევრიც ურთიერთბრალდება. საზოგადოება მოჭიდავისა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას თვალს რამდენიმე თვის განმავლობაში ადევნებდა. 

სპორტსმენისგანაც არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ის უკან დახევას, ან შერიგებას არ აპირებდა. მედიაც და საზოგადოებაც საკმაოდ აქტიურად ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმეს და ელოდებოდა საბოლოო შედეგს - გასცემდა კი ქართული მართმლმსაჯულება პასუხს ძალადობას? - თუმცა მოულოდნელად ბრალდებულ გეგეშიძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები შეწყდა. 

ერთ-ერთ სხდომაზე, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმე უნდა დაკითხულიყო, მოულოდნელად დაცვის მხარემ საქმეში ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. 

ბრალდებულის ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ წარადგინა დაზარალებული ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამოწმებული წერილი, სადაც წერია, რომ ზურა დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს... 

მაინც რა მოხდა აღნიშნული საქმის გარშემო, რატომ შეიცვალა მოულოდნელად მოჭიდავემ პრინციპული პოზიცია და რატომ წავიდა დათმობაზე - თავის გადაწყვეტილებით თუ იძულებით? - საკითხის გარკვევა თავად სპორტსმენთან ვცადეთ, მაგრამ მან აღნიშნულ თემაზე საუბარი ჯერ არ ისურვა, რის შემდეგაც მასთან დაახლოებულ პირს დავუკავშირდით, რომელიც ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა და ის დეტალები გაგვიმხილა, რომელიც ზურა დათუნაშვილს გადახდა თავს - რეჟიმისგან... 

- პირველ რიგში, საუბარი იმით მინდა დავიწყო, რომ როდესაც საზოგადოებამ გაიგო - დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებდა ევროპის ჩემპიონატზე, მას ამას ულოცავდნენ, თუმცა აქ მისალოცი არაფერი იყო და არც გასახარი ამბავია. რას ვულოცავთ? - ქვეყნიდან წასვლა რომ მოუწია? ეს მისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო და ზუსტად ვიცი, ამ ამბავს მილოცვად ვერ მიიღებს. 

ერთადერთი დადებითი, რაც ამას თან ახლავს, არის ის, რომ კარიერის საერთოდ დასრულება არ მოუწია. თქვენი კითხვა სწორედ ამ საკითხთან არის დაკავშირებული. მკითხეთ რატომ წავიდა დათმობაზე და რატომ დაამოწმა ნოტარიუსით, რომ აღარ ჰქონდა პრეტენზია ბრალდებულთან? - უმთავრესად იმიტომ, რომ გაეგრძელებინა კარიერა, მოგეხსენებათ მას სამშობლოში ამის ყველანაირი შესაძლებლობა მოუსპეს. 

ჭიდაობის გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ მისი ჩაგვრა შარშანდელ საქართველოს ჩემპიონატზე არ დაწყებულა და პრობლემები მანამდეც იყო. 

მოკლედ ჭიდაობის ფედერაცია ქვეყნის შიგნითაც ყველანაირად ავიწროვებდა და არც სხვა ქვეყნის ასპარეზობის საშუალებას აძლევდა. 

იმისთვის, რომ მოჭიდავეს დისკვალიფიკაციის გარეშე გაეგრძელებინა კარიერა, საჭირო იყო ფედერაციის პრეზიდენტის თანხმობა. 

სწორედ ამ საკითხით დაიწყო გეგა გეგეშიძემ და მისმა ადვოკატმა სპეკულირება. კამერებთან ამბობდნენ, რომ გამორიცხული იყო დათუნაშვილს მსგავსი ნებართვა მიეღო, ხოლო კულისებში მასთან ამ თემით ვაჭრობდნენ, რადგან იცოდნენ, გარკვეულწილად მათ ხელში იყო სპორტსმენის მომავალი. 

უმთავრესი მიზეზი იმ ნოტარიულად დამოწმებული წერილის დაწერისა, სადაც "შერიგებაზე" იყო საუბარი,  სწორედ ეს გახდა, რომ გეგა გეგეშიძეს მიეცა თანხმობა და დათუნაშვილს გაეგრძელებინა სპორტული კარიერა. 

თუმცა მხოლოდ ეს ნიუანსიც არ იყო, ოდნავი იმედი მაინც რომ არსებულიყო იმის, რომ რაიმე სამართლიანად მოხდებოდა, დათუნაშვილი კიდევ არ წავიდოდა ამ დათმობაზე, მაგრამ ბიჭს ყველანაირი იმედი გადაუწურეს, ლამის მთელი წელი წნეხსა და ზეწოლას უძლებდა... 

- ვინ გადაუწურა იმედი და რა ტიპის ზეწოლაზე საუბრობთ? 

- მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ხომ ყველამ ვიცოდით, რომ გეგეშიძეს არ გაწირავდნენ? - რა თქმა უნდა, ვიცოდით. საზოგადოებამაც იცოდა, რომ ეს ბიჭი ფედერაციის პრეზიდენტს და კონკრეტულ პიროვნებას კი არა სისტემას დაუპირისპირდა. 

სისტემასთან მარტო მებრძოლი გამარჯვებული ადამიანი გინახავთ? იმას არ ვამბობ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ცალკეულ პიროვნებებს ბევრი რამ შეუცვლიათ, მაგრამ ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში და ძირითადად თავის გაწირვის ხარჯზე, თუმცა ახლო პერსპექტივაში - არა. აქ კი დრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 

შეუძლებელია სპორტსმენის მომავალი თვეობით გაურკვეველი იყოს. დათუნაშვილმა კონფლიქტის პერიოდში მთავრობის არაერთი მაღალჩინოსანი ჩააყენა საქმის კურსში, როგორც სპორტის მიმართულებით, ასევე ზოგადად. 

უმეტესობისგან მიიღო პასუხი, რომ მართალი იყო... რამდენიმე კი გაცილებით გულწრფელი აღმოჩნდა და პირდაპირ უთხრეს: "არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ჩვენიანის გაწირვა ნიშნავს, რომ სხვა მხარდამჭერებსაც დავკარგავთ", "შენ გგონია სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ,  რისი იმედი გაქვს?" - ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ ბრძოლას რამდენი ადამიანი გააგრძელებდა? - მაგრამ ამ ბიჭმა მაინც გააგრძელა და შემდეგ უკვე იყო ზეწოლა და მუქარა, თვალთვალი და მოსმენები. 

თავად ვიყავი შემსწრე, მიგზავნილი ადამიანი როგორ აფრთხილებდა სისტემას პრობლემას ნუ უქმნიო. 

პირდაპირ ეუბნებოდნენ ფრთხილად ყოფილიყვნენ. ემუქრებოდნენ, რომ ოჯახის წევრებს შეექმნებოდათ პრობლემები. სისტემაში მომუშავე ერთ-ერთმა ახლობელმა კი პირდაპირ გააფრთხილა - სჯობს ქვეყანა ცოტა ხნით დატოვოთ და აქაურობას გაეცალოთო... მისი ძმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეც მოიქცა. 

ამ ყველაფრის მერე ვინმეს უკვირს უკან დახევა? მე პირადად რომ გავიგე არც გამკვირვებია, უფრო მეტიც ახლობლები მანამდეც ვურჩევდით, შეშვებოდა უთანასწორო ბრძოლას. 

ის ფაქტი, რომ სერბეთის სახელით აგრძელებს ჭიდაობას ამ საშინელ ამბავში ოდნავი ნათელი წერტილია და არა გასახარი და მისალოცი ამბავი. 

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აქაურობას გაეცალა და კარიერის აწყობას ახალ ქვეყანაში ცდილობს, ინტრიგები მის წინააღმდეგ კიდევ არ დასრულდა, ახლახან გამართულ ევროპირველობაზე, სადაც ამდენი ხნის უჭიდავებელი ბიჭი ხალიჩაზე პირველად გამოვიდა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ თავიანთ ჟურნალისტი მიუგზავნა, რომელიც ოფიციალურ "გამპრავებლად" ჰყავთ დასაქმებული და ყველა ტურნირზე თან დაატარებენ, მან დათუნაშვილის პროვოკაციაზე წამოგება სცადა და გარკვეულწილად გამოუვიდა კიდეც.

ჩემთვის მართლა გასაკვირია, იმ ყველაფრის ფონზე, რაც ამ ბიჭთან იკადრეს, კიდევ რატომ არ ეშვებიან? 

ალბათ, ვერ პატიობენ, რომ მის ამბავს ბევრი სხვა დეტალის გამომზეურებაც მოყვა და საზოგადოებამ არაერთ ფინანსურ დარღვევაზე გაიგო. 

ფაქტია, ამ ყველაფერს მარტო ვერ გაბედავდნენ და აშკარაა, რომ მთავრობის მაღალჩინოსნებიც ჩართულნი არიან კორუფციისა და ნეპოტიზმის იმ ჭაობში, რაშიც ჭიდაობის ფედერაცია იძირება.