• თბილისი
  • 14°C
  • 04 აპრილი, 2020
article

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფარული კენჭისყრით, მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე, ფარული კენჭისყრით, მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ საქართველოს გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა.

კომიტეტის სხდომის დასაწყისში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის წევრებს ირაკლი შოთაძის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო, რის შემდეგაც სიტყვა გენერალური პროკურორობის კანდიდატს გადასცა.

"ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე პარლამენტის წინაშე როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ვინაიდან პარლამენტი არის ის უწყება, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გენერალური პროკურორის შერჩევის უმნიშვნელოვანეს პროცესში", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ასევე მთავარი პროკურორობის პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე და პროკურატურის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე,

"ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. რამდენიმე წლის განმავლობაში მთავარი პროკურორის თანამდებობა, რომელიც ვადაზე ადრე, საკუთარი გადაწყვეტილებით დავტოვე საზოგადობისთვის ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით.

ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში, თითოეული ჩემი სამუშაო დღე მიმართული იყო პროკურატურის გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვისაკენ, ასევე პროკურატურის თანამშრომლების ინტერესების უზრუნველყოფისკენ. მთავარ პროკურორად მუშაობის პერიოდში აღნიშნული მიმართულებებით მქონდა მთელი რიგი წარმატებები“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა სხდომის მონაწილეებს გააცნო საკუთარი პროგრამა, საქართველოს პროკურატურის განვითარების გეგმა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები.


თეგები :