• თბილისი
  • 6°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

"ბათუმის მერი პარიზში 40 დაქალთან ერთად კრუასანების საჭმელად წავიდა"

"კარგია ხალხის ფულით პარიზული არდადეგები", "აქაც მოგართმევდით კრუასანებს"- ამ შინაარსის ბანერებით მოძრაობა "ალტერნატივას" წევრებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ლაშა კომახიძეს თეფშით კრუასანებიც მიუტანეს. ამ ფორმით აქტივისტებმა მერის და აჭარის დელეგაციის საფრანგეთში ვიზიტი გააპროტესტეს.

ინფორმაციას "აჭარათივი" ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბათუმის მერი დაქალებთან ერთად პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა.

"ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოსდა იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. ჩვენ სიმბოლურად მას აქ მოვუტანეთ კრუასანები, შეეძლოთ არ წასულიყვნენ, აქაც მივართმევდით, მიეხედათ ქალაქისთვის, 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ქალაქში და ხედავთ რომ გზები კვლავ გაუწმენდავია. მოვუტანეთ კრუასანები მერს მიჩვეული იქნება"-განაცხადა ალტერნატივას  წევრმა.

ბათუმის მერი და დეპუტატები, პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან.  ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 16 თებერვლამდე გაგრძელდება.  კულტურულ ღონისძიებაში 650 ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანი მონაწილეობს.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, მის სანახავად, თუ სხვა ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ. 


თეგები :