• თბილისი
  • 24°C
  • 30 ოქტომბერი, 2020
article

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე​ გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის მონაწილეების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. 

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმაწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“, - თქვა გუმბერიძემ.

მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემებერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და ამის შესახებ აღნიშნულის შესახებ საუბარი მხოლოდ ადვოკატის მიერ მათი განმეორებით დაკითხვის მოთხოვნის შემდეგ დაიწყეს. 

„დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ“, - განაცხადა პროკუროტმა. 

რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.


თეგები :