• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

ზუგდიდში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულება გახდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს.

ოჯახის წევრების თქმით გოგო ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ავადმყოფი 19 იანვარს შევიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკებით ქუთაისში გადაიყვანეს.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ექიმებმა მათ კითხვები დაუსვეს, ხომ არ ჰქონდა გოგონას კონტაქტი ჩინეთის მოქალაქეებთან, ბოლო დროს ხომ არ იყო ნამყოფი ჩინურ მაღაზიაში. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ექიმებს ე.წ. ჩინურ ვირუსზე აქვთ ეჭვი.

დაავადებათა კონტროლისა და სამოქალაქო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

იგეგმება ასევე სამედიცინო პერსონალისა და ცხელი ხაზის ოპერატორების გადამზადებაც იმ კუთხით, რომ დაავადების სიმპტომებთან ერთად მედ.პერსონალმა მოგზაურობის ისტორია დეტალურად გამოიკითხონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ დღეს საბოლოო ტექსტზე შეჯერდებიან და სამ ენაზე (ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე) დაიბეჭდება ბუკლეტები და ფლაერები, რომლებიც ქვეყანაში შემომსვლელებსა და გამსვლელებს სიმპტომატიკის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს. 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. 

 


თეგები :