• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

ამერიკული კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან 3,5 მილიარდი დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს - დიდი დავა ჰააგის არბიტრაჟში

რა ხდება იმ ამერიკული კომპანიის ირგვლივ, რომელიც გავლენიანი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსათვის გაგზავნილ წერილშია ნახსენები?

ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს ხელისუფლებისგან 3,5 მილიარდი დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 

დავა დასასრულს უახლოვდება ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში, რომელსაც ერთი მხრივ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და მეორე მხრივ, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გასული წლის იანვარში მიმართეს.

ქართული მხარე ამერიკულ კომპანიას ხელშეკრულების დარღვევაში სდებს ბრალს.

თუმცა, "ფრონტერა" ბრალდებას უარყოფს და შეგებებულ სარჩელში კომპენსაციის სახით 3,5 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ისტორია

1997 წელს, ამერიკულ „ფრონტერასთან“, ნავთობისა და გაზის პროდუქციის წილობრივ განაწილებაზე, გასაიდუმლოებული ხელშეკრულება გაფორმდა. 

თუმცა, ამერიკული კომპანიის შევიწროვება წლების წინ, ქართული ოცნების ხელისუფლების ეგიდით ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, კახა კალაძემ დაიწყო, რაც საბოლოოდ, სასამართლო დავაში გადაიზარდა.

„ფრონტერას“ შეგებებულ სარჩელში საუბარია იმაზე რომ კომპანიამ საკონტრაქტო ფართობზე დიდი ოდენობით გაზისა და ნავთობის რეზერვები აღმოაჩინა, რომლის ათვისებაში მას სახელმწიფომ შეუშალა ხელი.

შესაბამისად, ამერიკული კომპანია ჰააგის არბიტრაჟში საქართველოსგან 3,5 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს (როგორც დაკარგული მოგება).

ინფორმაციისთვის: 2012 წლიდან, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, რომლის 100 პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს.

შეგახსენებთ: 2014 წელს „ფრონტერამ“ განაცხადა  რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოჩნდა.

2015 წელს, "ფრონტერამ" ასევე განაცხადა რომ კახეთში, ჯამში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი იყო. 

თუმცა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, კახა კალაძემ "ფრონტერას" ახალი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ მისცა, რამაც ამერიკული კომპანიის იურისტების თქმით, ის 3,5 მილიარდი დოლარით აზარალა.

ჰააგის არბიტრაჟში მიმდინარე დავა სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება. 

ამიტომ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაუჯდება ქართული ოცნების მიერ ამერიკული კომპანიისათვის მიყენებული ზარალი ჩვენს ქვეყანას.


თეგები :