• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა: პოლიციელების მხრიდან ძალიან გახშირდა ტრანსგენდერი ქალების მიმართ პროვოკაციული ქმედებები

თბილისში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა აცხადებს, რომ 18 იანვარს პოლიციამ მისი მეგობრები უსამართლოდ დააკავა.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

გაბრიელას თქმით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიცია დასახმარებლად გამოიძახეს, თუმცა დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, სამართალდამცველებმა ისინი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

გაბრიელას თქმით, ისინი სექსმუშაკები არიან და ღამე გასათბობად შეშა სჭირდებათ. ამიტომ მის მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეშა მიუტანა, რა დროსაც მოზარდების ჯგუფმა ქვების სროლა დაიწყო.

გაბრიელა განმარტავს, რომ ადგილზე მისული პოლიციელები ტრანსგენდერი ქალების მიმართ პროვოკაციულად საუბრობდნენ, რამაც ტრანსგენდერების გაღიზიანება გამოიწვია.

გაბრიელას თქმით, ეს ყველაფერი მისი რამდენიმე მეგობარის დაკავებით დასრულდა.

„ძალიან გახშირდა პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები. იმის მაგივრად, რომ დახმარება აღმოგიჩინონ, პირიქით, აქეთ ცდილობენ, პროვოცირება გაგიკეთონ და შემდეგ დაგაკავონ დაუმორჩილებლობაზე“ ,- ამბობს ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა.

ამასთან, გაბრიელა აღნიშნავს, რომ მისი მეგობარი ქალები მამაკაცმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს, რაც შეურაცხმყოფელი იყო.

დაკავებული ტრანსგენდერი ქალების მოსანახულებლად წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს  სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

მათ ბრალი ადმინისტრაცოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვთ წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულების პროცესი 27 იანვრამდე გადაიდო.

რაც შეეხება ნატა ფერაძეს, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ფერაძე  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყო დაკავებული.


თეგები :