• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე - რამდენმა ადამიანმა დაიჩემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და რას აცხადებს თავად ექიმი?

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გუშინ რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადებები გააკეთეს და ექიმის გათავისუფლებაში საკუთარ წვლილზე ისაუბრეს.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ქართველი ექიმის გათავისუფლებაში მათმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მთავარი წვლილი შეიტანა. პოლიტიკოსს არ დაუკონკრეტებია, რა გზით შეძლო ეს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ სწორედ მათმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი. ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან დახსნაში საკუთარ წვლილზე ისაუბრა ნინო ბურჯანაძემაც. ბურჯანაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, ამისათვის მადლობა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაუხადა. ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის ციხიდან დახსნაზე განცხადება პაატა ბურჭალაძის გარემოცვამაც გააკეთა. მათი თქმით, პაატა ბურჭულაძე ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალ მაყვლა ქასრაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ ეთნიკურად ოს საოპერო მომღერალ ვერონიკა ჯიოევას მიმართა. ჯიოევა ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მეთაურის, ანატოლი ბიბილოვის მეგობარია. ბურჭალაძის მეგობრების თქმით, სწორედ ეს გახდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საფუძველი.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზეზებზე თავისი ვერსია აქვს სეპარატისტულ რეჟიმს. ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ქართველი ექიმი მან შეიწყალა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების და საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებული ქმედებების მეშვეობით მოხდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ქართველი საეკლესიო პირების განცხადებით, ექიმის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა ვატიკანმა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართველმა მოჭიდავეებმაც. 

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და ოს ხალხს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ექიმის თქმით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ციხეში მას საკვებს უგზავნიდა. ექიმმა უარყო ცხინვალის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა დანაშაული და პატიება ითხოვა.

"შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, მაგრამ ბრალი არ ვაღიარე", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე..

მისი თქმით, ის პირველივე დღეს ამბობდა, რომ იმყოფებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი. ვიცი, როგორ ხდება საზღვრის კვეთა და პირველივე დღეს ვეუბნებოდი, რომ მე ვიყავი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სასჯელი, ერთი წელი და ცხრა თვე, მომისაჯეს იმის გამო, რასაც ვამბობდი.

მე ვამბობდი, რომ ვიმყოფებოდი საქართველოში. თავიდან ვიყავით სამსაწოლიან ოთახში ოთხნი, სამი დღით. შემდეგ ვიყავი იზოლატორში და სასამართლოს შემდეგ ვიყავი ერთადგილიანში. დამოკიდებულება იყო ნორმალური, ჩვეულებრივი. არავითარი ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ დამინახავს, ადგილობრივებისგანაც არავითარი აგრესია არ ყოფილა", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მის გათავისუფლებაში წვლილი ყველამ შეიტანა, მათ შორის, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ და ამისათვის ყველას მადლობას უხდის.


თეგები :