• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

როგორ ძარცვავს აბონენტებს ენერგო პრო ჯორჯია და რა სქემით შოულობს მილიონებს ხალხის ხარჯზე

presa.ge-მ ენერგო პრო ჯორჯიას შესაძლო თაღლითური სქემა გაშიფრა. აღმოჩნდა რომ სიღარიბითა და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში არიან კომპანიები, რომლებიც ისედაც მაღალ ტარიფს ხელოვნურად ზრდიან და ამით მილიონობით დამატებით შემოსავალს იღებენ. 

ამჯერად მოგიყვებით სქემაზე, რომლის წყალობითაც ათასობით აბონენტს იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევს, რაც რეალურად ეკუთვნის. 

კომპანია 

სს ენერგო–პრო ჯორჯია არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. 

კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 58,846 კმ2-ს და ემსახურება 1,200,000-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონებში.

ენერგო პრო ჯორჯიას საკუთრებაა: რიონჰესი, ლაჯანურჰესი, შაორჰესი, იორის კასკადი, ზაჰესი, კინკიშა ჰესი, ორთაჭალა ჰესი, ჩხოროწყუ ჰესი, გუმათის კასკადი, ძევრულჰესი, ჩითახევჰესი, აწჰესი... 

კომპანიას აქვს უზარმაზარი მოგება და ფაქტობრივად, რეგიონებში ელექტროენერგიის დისტრიბუციის მონოპოლისტია. 

სქემა 

ამ მომენტისათვის დადგენილი ციფრების მიხედვით, 101 კვტსთ-მდე ელ. ენერგიის მოხმარების შემთხვევაში, ტარიფი 14 თეთრია, 101-დან 301-მდე 18, ხოლო 301-დან ზევით 22 თეთრი. 

აბონენტის მიერ მოხმარებული ელ. ენერგია ერთი სრული თვის მანძილზე (საშუალოდ 30 დღე) უნდა დაანგარიშდეს. 

თუმცა, ჩვენ მოვიპოვეთ ენერგო პრო ჯორჯიას მიერ გამოწერილი ქვითრები, საიდანაც ჩანს რომ კომპანიის წარმომადგენლებმა აბონენტებს არა ერთი თვის, არამედ 32 დღის მანძილზე მოხმარებული ელ. ენერგია დაუანგარიშეს, რის გამოც მათ გაზრდილი ტარიფით მოუწიათ ანგარიშსწორება.

რატომ? 

მაგალითად: კომპანიის წარმომადგენლებმა, აბონენტ ფორჩხიძე უშანგის სახლში (აბონენტის ნომერი: 12101136871) ჩვენება 2019 წლის 30 ივლისს აიღეს, წინა ჩვენება კი, აღებული ჰქონდათ 32 დღის წინ - 2019 წლის 28 ივნისს. 

ქვითრიდან ჩანს რომ 32 დღის მანძილზე, მან 303 კვტსთ ელ. ენერგია მოიხმარა. 

შესაბამისად, ამ რაოდენობის მოხმარებული ელ. ენერგია 18-ის ნაცვლად 22 თეთრზე დაანგარიშდა (301-დან ზევით ტარიფი იზრდება და 22 თეთრს შეადგენს), რის გამოც მას 68 ლარის გადახდა მოუწია. 

თუმცა, ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელს რომ 30 დღის ჩვენება აეღო, დიდი ალბათობით, მოხმარებული ელ. ენერგია 301 კვტსთ-ს არ აცდებოდა და ტარიფი არა 22 თეთრი, არამედ, 18 თეთრი იქნებოდა. 

ამ შემთხვევაში, აბონენტს 68 ლარის ნაცვლად, საშუალოდ 55 ლარის გადახდა მოუწევდა. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ კომპანიამ, ამ სქემით, რომელიც ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ თაღლითობას, მხოლოდ ერთ აბონენტს 13 ლარით მეტი გადაახდევინა.

იმის გამო რომ ეს შემთხვევა ერთადერთი გამონაკლისი არ გეგონოთ, ჩვენ ენერგო პრო ჯორჯიას სხვა ქვითრებსაც ვასაჯაროვებთ. 

სქემა აქაც იგივეა... 

აბონენტ ემზარ შუბლაძესთან (ანონენტის ნომერი: 1410070800) ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა ჩვენება 2019 წლის 30 სექტემბერს აიღო.

თუმცა, მას წინა ჩვენება მას აღებული ჰქონდა 2019 წლის 28 აგვისტოს. 

შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც 32 დღეზე დაანგარიშდა მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობა.

კიდევ ერთი ფაქტი:

აბონენტ ელზა შუბლაძისთვის (აბონენტის ნომერი: 1410070792) გაგზავნილი სმს-დან მტკიცდება რომ ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა ჩვენება 2019 წლის 30 სექტემბერს აიღო, ხოლო წინა ჩვენება აღებული ჰქონდა 32 დღის წინ - 2019 წლის 28 აგვისტოს. 

სქემა აქაც იდენტურია...

ციფრები

ენერგო პრო ჯორჯიას ვერ გვერდზე მითითებულია რომ მათი აბონენტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით მილიონ 200 ათასს შეადგენს. 

ენერგო პრო ჯორჯიას მოქმედი თანამშრომელი, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით გვიყვება რომ მსგავსი სქემით, კომპანია თვეში საშუალოდ მილიონ 500 ათას ლარს შოულობს, რაც წლიურად 18 მილიონია.

ენერგო პრო ჯორჯიას მოქმედი თანამშრომელი გვიხსნის: „რეგიონების უფროსებისგან თანამშრომლებს აქვთ არაოფიციალური დირექტივა რომ აბონენტებს მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობა 32 დღეზე დაუანგარიშონ. 

ხოლო თუ აბონენტი მსგავს სქემას გააპროტესტებს, ენერგო პრო ჯორჯია ყველაფერს შემთხვევითობას აბრალებს და თავისივე „შეცდომას“ ასწორებს“... 

მფარველები ხელისუფლებაში

ენერგო პრო ჯორჯიას მენეჯმენტთან ახლო ურთიერთობა აქვს თბილისის მერს, კახი კალაძეს და ივანიშვილის კლანს. 

კალაძემ ამ კომპანიასთან ურთიერთობები ჯერ კიდევ მაშინ „გაარკვია“, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი იყო და ჰესების ბიზნესით დაინტერესდა. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ენერგო პრო ჯორჯია არის ერთერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი ქართული ოცნების შავ ყულაბაში (საიდანაც თანხები ნაწილდება მინისტრებზე, დეპუტატებზე,  ჩინოვნიკებზე, არჩევნებზე...).

ეს კი, ფაქტობრივად, ხელშეუხებლობის გარანტიაა იქ, სადაც კანონი, კონსტიტუცია, პროკურორი თუ მოსამართლე მხოლოდ ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი კორუფციული სისტემაა. 

ენერგო პრო ჯორჯიაში მსგავს შემთხვევებს ადასტურებენ, თუმცა, თავისებურად ხსნიან...

presa.ge: ჩვენ გვაქვს ენერგო პრო ჯორჯიას მიერ გამოწერილი ელ. ენერგიის ქვითრები, საიდანაც ჩანს რომ ჩვენება აღებულია არა 30 დღის, არამედ 32 დღის მანძილზე.  ეს კი ელ. ენერგიის გაზრდილი ტარიფით გადახდის ალბათობას ზრდის... რატომ იღებენ თქვენი წარმომადგენლები 32 დღის ჩვენებას 30 დღის ნაცვლად? 

ენერგო პროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ავთო დვალიშვილი: რა თქმა უნდა არის ხოლმე შემთხვევა, როცა ჩვენება იწერება 32 დღეზე, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ 30-ე კვირის დღე დაემთხვევა, ამიტომაც  კვირას ხომ ვერ მივლენ, დასვენების დღეა და მიდიან ორშაბათს. 

ხშირ შემთხვევაში პარასკევსაც მიდიან, ანუ 28-ე დღეზე წერენ ჩვენებას და ამ დროს მომხმარებელი მოგებულიც რჩება. 

კონკრეტულად იმ მომხმარებელს, რომლის ქვითარიც თქვენ მანახეთ, მას თებერვალში, მარტსა და აპრილში ჩვენება ამოწერილი აქვს 28 დღეზე.

უბრალოდ ივლისში მოუწია დასვენების დღემ და ამიტომ ამოიწერა ჩვენება 32 დღეზე. საათებსაც აქვს მნიშვნელობა, ანუ თუ მიხვალ და ამოწერ დილით, იქნება სხვა ჩვენება და თუ ამოწერ საღამოს, იქნება სხვა და ტარიფი აქაც შეიძლება იყოს გაზრდილი. 

ამას კანონი არ განსაზღვრავს და არც არავინ ამბობს დაზუსტებით, რომ მაინც და მაინც ამ დროს უნდა აიღო ჩვენება. 

- ათეულობით არის მსგავსი შემთხვევა...

- კი, რა თქმა უნდა არის რიგი შემთხვევები, მაგრამ მათ ქვითრებს რომ გადახედოთ, მიხვდებით, რომ წინა თვეებში აქვთ სამაგიეროდ 28 დღეზე ამოწერილი ჩვენებები. 

ხანდახან კი, როცა დასვენებაა, ასეც ხდება. სადღაც, რამდენიმე წელში ერთხელ, ვიღაცა აბონენტს მოუწევს 32 დღეზე ჩვენების ამოწერა... 

სხვათაშორის, რა უნდა გააკეთოს აბონენტმა და კომპანიამ ამ შემთხვევაში, ამაზე მიდის მოლაპარაკებები სემეკთან, რათა ზუსტად გაიწეროს როგორ უნდა იმოქმედოს კომპანიამ. 

როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, კომპანია კანონის მიხედვით იმოქმედებს. 

მანამდე, ჩვენ გვაქვს სპეციალური განყოფილება, სადაც მსგავსი სახის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია რომ მიმართოს, წარადგინოს მსგავსი ქვითარი და ისინი აუცილებლად მიიღებენ შესაბამის ზომებს და დაეხმარებიან უმოკლეს დროში.

ეს ენერგო პრო ჯორჯიას ოფიციალური წარმომადგენლის ოფიციალური განმარტებაა. როგორც დარწმუნდით, კომპანიაში მსგავს შემთხვევებს არ უარყოფენ. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ „ასეთი ლაფსუსებით და „დასვენების დღეებით“ კომპანია მოგებას ზრდის, აბონენტების დაზარალების ხარჯზე. 

P.S: „ენერგო-პრო ჯორჯია“ აპროტესტებს იმ არაერთ ცილისმწამებლურ, არაკვალიფიციურ და მოგონილ ბრალდებებს თუ მოსაზრებებს, რაც გავრცელდა „PRESA.GE“-ს მეშვეობით. 

სტატიაში, იმდენად გაუაზრებელი და სასაცილო თითქოს ფაქტებია მოყვანილი, რომ აღნიშნულზე წერილობითი, სერიოზული პასუხის გაცემის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. 

თუმცა, აღნიშნული ვებ გვერდის მესვეურებს ვთავაზობთ მუშა რეჟიმში მივცეთ განმარტებები კომპანიის მიერ მართული პროცესების, მათ შორის, ანათვალის აღება-დარიცხვის შესახებ. 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არასდროს იყო დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან. კომპანია საქმიანობს მხოლოდ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ დადგენილებებისა და ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად" - ეს კი, ენერგო პრო ჯორჯიას კიდევ ერთი ოფიციალური პოზიციაა, რომელიც კომპანიის წარმომადგენელმა ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვიგზავნა.

მათ მიერ გამოგზავნილ წერილში წერია რომ "სერიოზული პასუხების გაცემის აუცილებლობას ვერ ხედავენ", თუმცა, პასუხს, თან საკმაოდ ვრცელს, მაინც გვიგზავნიან...

რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული ფაქტები გამოვაქვეყნეთ...

რატომ? იმიტომ რომ ენერგო პრო ჯორჯიაში, როგორც ჩანს, ვიღაც მაინც მიხვდა რომ "ხელნაწერები (ქვითრები) არ იწვიან".

იქ კი, ზუსტად ის დარღვევებია ასახული, რომლის შესახებაც მოგიყევით და რომლის გამოც ათასობით აბონენტს ხელოვნურად გაზრდილი ტარიფით უწევს ელ. ენერგიის საფასურის გადახდა.