• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ვის ბინაში მოხდა აფეთქება გურამიშვილის გამზირზე?

დღეს გამთენიისას, გურამიშვილის გამზირზე, N30-ში მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევა მეორე კორპუსში, მეოთხე სართულზე, ბინა N13-ში მოხდა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ თბილისი ენერჯის წარმომადგენლებს ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი ჰქონდათ აღმოჩენილი და ბინის მეპატრონეც გაფრთხილებული ჰყავდათ. თბილისი ენერჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მიქიაშვილის ცნობით, წყლის გამაცხელებელი სპეციალისტებმა ჩაჭრეს.

ბინის მესაკუთრე, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა, 39 წლის სოსო ჯავახიშვილია. მეზობლების თქმით, ის ბიზნესმენია, წარმოშობით კახეთიდანაა და ბინაში მარტო ცხოვრობდა.

მეზობლების თქმითვე, მამაკაცი ძალიან დაკავებული იყო, ფაქტობრივად სახლიდან სულ გასული იყო და ბინაში მისულ "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებსაც კარს არავინ უღებდა. 

"ყველაფერი დანგრეულია, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ყველაფერი დამსხვრეულია. მესამე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა, ძალიან კარგი ბიჭია, უცოლო, დედისერთა. 60% აქვს სხეულის დამწვრობა მიღებული. არ ვიცით როგორ არის და ყველა მაგ ბიჭზე ვნერვულობთ", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. 

"დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით, სავარაუდოდ, შეიძლება მოხდა აფეთქება, ზუსტად ჩვენ არ ვიცით. მდგომარეობა არის უმძიმესი. იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში. მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. მდგომარეობა უმძიმესია, ჯერ რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. პაციენტს, 39 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის 60 პროცენტი. ჭრილობები უბნობრივად არის სხვადასხვა ადგილას გაფანტული, ასევე, აქვს სასუნთქი გზების დამწვრობა", - ამბობს ექიმი.

რაც შეეხება დაშავებულ კიდევ სამ პირს, მათგან ორი მცირეწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹ მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


თეგები :