• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

"დაცვის მაგივრად, უფრო მეტად დააზარალეს ბავშვის და ქალის უფლებები" - რამდენად სწორი იყო 7 წლის გოგონას ცეკვის ვიდეოზე ქართველი უფლებადამცველების რეაქციები?

"ბაია პატარაია გაქრისტიანდა?" - ეს იყო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პირველი რეაქცია ქართველი უფლებადამცველის, ბაია პატარაიას წერილზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. უფლებადამცველი ამ წერილით 7 წლის ქართველი გოგონას ცეკვას გამოეხმაურა, რომელიც მისმა მშობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ბაია პატარაიას, ასევე, სხვა უფლებადამცველების და ფსიქოლოგების აზრით, ვიდეო ძალიან სექსუალიზებული იყო და შეიცავდა კონტექსტს, რომელიც შესაძლოა სახიფათო გამხდარიყო არასრულწლოვანისათვის.

ვიდეომ საზოგადოების, მედიის, უფლებამცველების, ფსიქოლოგების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საქმეში შსს და სოციალური სამსახური ჩაერთო. თუმცა, საზოგადოების გამოხმაურება ცოტა სპეციფიკური აღმოჩნდა. ბაია პატარაიას "გაქრისტიანებაზე" ეჭვის გაჩენა, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ფემინისტი უფლებადამცველის აზრი ქართულმა კონსერვატიულ და რელიგიური ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილმა რადიკალურად განსხვავებულად გაიგო. მათ საკუთარი გადასახედიდან შეაფასეს ფაქტი და ჩათვალეს, რომ ლიბერალი უფლებადაცველი რელიგიური მორალის გადასახედიდან აფასებდა კონკრეტულ ფაქტს, რამაც მათი გაკვირვება და აღფრთოვანება გამოიწვია. რეალურად, საზოგადოებისათვის ძნელი გასაგები აღმოჩნდა, თუ რეალურად რა პრობლემაზე იყო საუბარი.

თუ გადავხედავთ გამოხმაურებების ქრონოლოგიას, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ვიდეოს მთავარი გმირი პატარა გოგონასა და მის დედაზე მასიური შეტევა სოციალური ქსელის სხვადასხვა ფეიჯებზე, ჯგუფებში და პირად გვერდებზე. მომხმარებლების ნაწილი პედოფილების საფრთხის თემას იზიარებდა, მეორე ნაწილი ზოგადად თანამედროვე ქართველ ქალებს აკრიტიკებდა "თამამი ჩაცმულობისთვის", მათ შორის, ზრდასრულებსაც არგუმენტით - "ისინი არიან მაგალითი პატარებისთვის". ზოგი, ამ კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე, უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ "ქუჩაში ბიჭები თამამად ჩაცმულ გოგონებს უყურებენ", ზოგმა კი საერთოდაც, ბავშვის დედის სახეზე "ამოიკითხა", "ზედვე ეტყობა რაც არის" და დედის ბულინგი დაიწყო მისი მაკიაჟისა და სამოსის განხილვით. ისეთი დედებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც სოციალურ ქსელში თავიანთი პატარა გოგონების ფოტოები გამოაქვეყნეს და დაიწყეს ბავშვების ვიზუალური სილამაზის შედარება. "შენი გათხაპნული შვილი ახლოსაც ვერ მოვა ჩემი ბუნებრივი შვილის სილამაზესთან," - ამ კომენტარს დედა რომ დაწერს, ძნელია იმაზე იფიქრო, რომ ამ ადამიანს ვიდეოს გმირი ბავშვის ბედი აღელვებს. 

მოკლედ, ფემინისტების გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში უკუშედეგი მოჰყვა და პირიქით, ჩვენს საზოგადოებაში არასრულწლოვანი გოგონების თუ ზრდასრული ქალების ბულინგსა და დისკრიმინაციას მეტი ინსპირაცია მისცა. ეს კი ფემიციდის იმ მორიგი ფაქტის ფონზე, როცა სულ რამდენიმე დღის წინ ხაშურში მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელი ყოფილი ქმრის ახლობლები სწორედ ამ მოტივით ამართლებდნენ შვილის საქციელს - "შვილს (გოგონას) თავისნაირს ზრდიდა და ათამამებდა, მამა ნერვიულობდა და ამიტომ იძულებული გახდა ცოლი მოეკლაო". ამ ფონზე, ქართველი უფლებადაცველების ქმედებამ, ნებსით თუ უნებლიედ, აშკარად ბევრად გაზარდა ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ აგრესიის რისკი. 

ბავშვის დედა ვანდა ბარგატია მედიასთან ამბობს, რომ სწორედ უფლებადაცველების გამოსვლის მერე მოექცა ბავშვი სავარაუდო პედოფილების და აგრესიული საზოგადოების ყურადღების ქვეშ. სწორედ ამის შემდეგ სოციალური ქსელის ჩაკეტილ ჯგუფებში გავრცელდა ბავშვის ფოტოები, სადაც ახალგაზრდა მამაკაცების  უამრავი შეურაცხმყოფელი და პედოფილური შინაარსის კომენტარი გაჩნდა.

ადვოკატი ტოგო ჭელიძე მედიასთან ამბობს, რომ ეს იყო დაგეგმილი პიარი და არა გულწრფელი რეაქცია მცირეწლოვნის უფლებების დასაცავად. ადვოკატის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გოგონას დედას უამრავი ნათესავი ურეკავდა, რის შემდეგაც ოჯახს სოციუმში სერიოზული პრობლემები შეექმნა. ადვოკატი ამბობს, რომ ძნელი სათქმელია, რას შეიძლება ეწოდოს სექსუალიზებული ქცევა: "ბაია პატარაიამ ისე წარმოაჩინა საქმე, თითქოს დედა შეგნებულად იქცევა ისე, რომ ხალხის მხრიდან სექსუალური ხასიათის ყურადღება მიიქციოს ბავშვის მიმართ, რაც ძალიან მძიმე ბრალდებაა.. ბავშვი უამრავ სილამაზის კონკურში მონაწილეობდა, სადაც კიდევ ასეულობით ბავშვი მონაწილეობს-ხოლმე. სწორედ ამით აიხსენება მისი ცოტა გაპრანჭული ქმედებები ცეკვის დროს. სექსუალობა კი სხვადასხვა ადამიანმა სხვადანსხვანაირად შეიძლება გაიგოს - ზოგისთვის სექსუალური შეიძლება კოჭებამდე კაბა იყოს. თუ არის რამე პრობლემა, მისი მოგვარების მცდელობა ამ გზით არ უნდა მომხდარიყო," - ამბობს ადვოკატი.

სოციალური ქსელის მომხმარებლების ერთი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ასეთმა თავდასხმამ ბავშვის მშობლებზე, კონკრეტულად, დედასა და ოჯახზე, უფრო მეტად დააზიანა ბავშვის და ქალის უფლებები. "უამრავი ბავშვი დადის ლათინო ცეკვებზე, ტანვარჯიშზე, სადაც ბავშვებს აცვიათ მსგავსი ფორმები. ეს არ იყო არანაირი პენუარი, როგორც პატარაიამ დაწერა. მაგ ლოგიკით, საერთოდ არ უნდა გამოვაჩინოთ ბავშვები გარეთ. პედოფილებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ბავშვს რა აცვია თუ შიშველია, ნორმალური ადამიანი კი პატარა ბავშვს, რაც არ უნდა ეცვას, სხვანაირად არ შეხედავს," - წერენ მომხმარებლები. ინტერნეტ-მომხმარებლები იხსენებენ იმ ფაქტებსაც რომ სხვა ბავშვის მიმართაც იყო ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მსგავსი აგრესია. ეს ბავშვი რომელიც სხვა ბავშვებს საკუთარი არხის მეშვეობით თამაშებს ასწავლის და მის ქცევებში სექსუალობის მოძებნა წარმოუდგენელია, ხშირად ხდება დაცინვის, ბულინგის და სექსუალურ კონტექსტში თავდასხმების მსხვერპლი. " უნდა გაირკვეს რისკები და მოინახოს ოქროს შუალედი, რადიკალიზება უარეს შედეგს წარმოშობს, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა", - წერენ სოციალურ ქსელის მომხმარებლები.


თეგები :