• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ბავშვი წითელი პომადით - საფრთხე, რომელსაც მშობლები ვერ გრძნობენ

ფატა, დიადემა, თეთრი, მოკლე კაბა, მაღალი ქუსლები, მაკიაჟი, მუქი პომადა... კაბრიოლეტი, მაღალი წინდები, მოკლე შორტები, მოკლე მაისური... შავი, მოკლე კაბა, დეკოლტე, გრძელი საყურე, მძიმე მაკიაჟი, მაღალი ქუსლი, თივის ზვინი...

ეს არის არასრული ჩამონათვალი და აღწერა 7 წლის ბავშვის იმ ფოტოებისა და ვიდეოებისა, რომლებსაც მისი მშობლები ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებენ, შემდეგ კი ფოტო-ვიდეო მასალას სხვადასხვა გვერდები აზიარებენ კომენტარებით: „პატარა ანგელოზი“, „რა სილამაზეა“.

7 წლის ბავშვის ვიდეო, რომელიც მაკიაჟით, ფატითა და თეთრი, მოკლე კაბით, სავარაუდოდ, ნათესავის ქორწილში ცეკვავს, სოციალურ ქსელში 15 ოქტომბერს გამოჩნდა. მას 100 ათასამდე ნახვა აქვს. ვიდეომ და ფოტოებმა, ბავშვთა უფლებების დამცველების შეშფოთება გამოიწვია.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბავშვი არის ჰიპერსექსუალიზებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. მათი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემაშფოთებელი და მზარდია არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულთა სტატისტიკა, აუცილებელია, საქმეში სახელმწიფო უწყებები, მათ შორის შსს და სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთონ.

„ვერ ვხვდები, რა პრობლემაა“

„ყველას ყავს შვილი და ყველას ყავს გაპრანჭული და "გამოპეწილი" შვილი და რატომღაც, მხოლოდ ჩვენთვის იქცა პრობლემად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 7 წლის ბავშვის დედამ, 24 წლის ქალმა, რომელსაც სურს, რომ მისი შვილი მოდელი გახდეს:

„ძალიან მიკვირს, რატომ გამოიწვია ამ ფოტოებმა შეშფოთება. თან ისეთები ლაპარაკობენ, რომლებსაც მართლა საშინლად „გაკრასკული“ ფოტოები უდევთ, ცისფერი „ტენებით“. დადებით კომენტარებთან ერთად რაღაცნაირად უარყოფითი კომენტარებიც წამოვიდა და გული დამწყდა ნამდვილად. მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს. საფრთხე რა უნდა იყოს, რა ვიცი“.

ბავშვის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხშირად მონაწილეობს სილამაზის კონკურსებში და გამარჯვებულიც ბევრჯერ გამხდარა. ამბობს, რომ მის შვილს ძალიან მოსწონს ფოტოების გადაღება და დედაც ხელს უწყობს, რომ ფოტოებზე სათანადოდ გამოიყურებოდეს: „კარგი მონაცემები აქვს და არ მინდა დავკარგო მისი მონაცემები“.

რას იზამს სოციალური მომსახურების სააგენტო?

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი მაია ჯაში რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვის დედას შეხვდება და განუმარტავს, რა ტიპის საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი ფოტო-ვიდეო მასალის განთავსება ინტერნეტში:

„დედას უკვე ველაპარაკეთ ტელეფონით. საღამოს მოვა სააგენტოში. ოჯახი არის ეკონომიკურად ძლიერი, მოწესრიგებული, ბავშვი იღებს განათლებას, დადის ცეკვაზე და სამოდელო სააგენტოში. დედას აქვს სურვილი, რომ ბავშვი ამ მიმართულებით განვითარდეს და ამიტომაც პრანჭავდა და ამაში ვერ ხედავდა რისკებს. სწორედ ამ რისკებზე მინდა, რომ მას პირისპირ ველაპარაკო.მე მინდა დავანახო ამ ბავშვის დედას, რომ მისი შვილი შეიძლება იქცეს პედოფილების სამიზნედ. ბავშვი დღეს შეიძლება ერთობა, უხარია, რომ ცნობადია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს მისთვის შეიძლება პრობლემად იქცეს“.

საფრთხე, რომელსაც მშობლები ვერ ხედავენ

ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რომელიც ინტერნეტში ბავშვების ე.წ. სექსუალური ხასიათის ფოტოების განთავსებას შეიძლება მოჰყვეს, ეს არის „გემრიელი საკბილო“ ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების შეგროვებითა და გავრცელებით დაინტერესებული ჯგუფებისთვის.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მსგავსი ტიპის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს, ეს არის ნოყიერი ნიადაგი ბულინგისა და შანტაჟისთვის.

ქეთევან თავართქილაძე, ფსიქოლოგი, რომელიც წლებია მუშაობს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, ამბობს, რომ მშობლების გაუცნობიერებელმა საქციელმა, შესაძლოა, მძიმე და დროში განგრძობითი ზიანი მიაყენოს ბავშვს:

„როდესაც მცირეწლოვანი ბავშვი ეჩვევა მსგავსი ტიპის ფოტოების გადაღებას, ეს მისთვის ნორმად იქცევა და არის დიდი ალბათობა, რომ წლების მატებასთან ერთად, თინეიჯერობის ასაკშიც გადაიღოს ამგვარი ფოტოები, ატვირთოს სოციალურ ქსელში, რაც შემდეგ შესაძლოა, გამოყენებული იქნას შანტაჟისთვის, მისგან მოითხოვონ უფრო მეტი. სამწუხაროდ, არაერთხელ გვქონია მსგავსი შემთხვევა, როდესაც მოზარდების ე.წ. თამამ ფოტოებს მათი შანტაჟისთვის იყენებენ“.

კიდევ უფრო მეტად ართულებს სიტუაციას, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების მიმართულებით არსებული გამოწვევები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ერთი თვის წინ, პორნოგრაფიის საქმეზე სამართალდამცავებმა დააკავეს 10 პირი, მათ შორის მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ.

ქეთევან თავართქილაძე ამბობს, რომ მშობლების მიერ სექსუალურად წახალისებული ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, ხელს აძლევს სწორედ ბავშვთა პორნოგრაფიით დაკავებულ ადამიანებს:

„დადარაჯებულები არიან პორნო ბიზნესში ჩართული პირები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ნადირობენ ამგვარ მასალაზე. ისინი ამ მასალებში ფულს იხდიან და აქ კი გამზადებული მასალა ხვდებათ. მათ შეუძლიათ ყველანაირი შეზღუდვის გარეშე აიღონ ბავშვის ფოტო, განათავსონ პორნო საიტზე, გაუკეთონ სექსუალური ხასიათის მინაწერი. მის ფოტოს ისინი გამოიყენებენ, მხოლოდ და მხოლოდ, პედოფილების მოსაზიდად და ფულის თაღლითური გზით საშოვნელად, მაგრამ ბავშვის ფოტო ამგვარი წარწერით, დარჩება ინტერნეტსივრცეში და სამომავლოდ, არავინ იცის, ვინ გადააწყდება ამ ფოტოს, თავად ამ ბავშვის ჩათვლით და რა სიტუაციაში“.

„გადიდებული“ ბავშვები და სილამაზის კონკურსების ტრავმა

მოდელი და მის საქართველო, ირინა ონაშვილი, წლების წინ, ბავშვთა სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრი იყო. ამ გამოცდილებას დღეს ნანობს და ამბობს, რომ ჟიურის წევრობის გადაწყვეტილება მაშინ გამოუცდელობისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიიღო.

კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ერთი მონაწილე იმარჯვებს, იდგამს თავზე გვირგვინს და უკან 20 ბავშვი ტირის

ირინა ონაშვილის თქმით, ბავშვთა სილამაზის კონკურსები მისთვის, როგორც სამოდელო ინდუსტრიაში დასაქმებულისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია. ამბობს, რომ ის სამოდელო სააგენტოები, რომლებიც ბავშვთა სილამაზის კონკურსებს მართავენ და ის მშობლები, რომლებსაც ბავშვები მსგავსი ტიპის კონკურსებში მონაწილების მისაღებად მიჰყავთ, არღვევენ ბავშვების უფლებებს და მათ სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებენ:

„იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ხვდება, რას აშავებს, აუცილებელია, რომ ვიღაცამ მიუთითოს, რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ის შვილს. როგორც წესი, მშობლების არგუმენტი არის ხოლმე, რომ ჩემი შვილია და რასაც მინდა, იმას ვუზამ, თუმცა, ეს მიდგომა უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, პირადად ვარ მომსწრე, როგორ ითხოვდნენ ხოლმე თავად მშობლები ბავშვებისთვის მაკიაჟის გაკეთებას, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით ჩვენს სამოდელო სააგენტოში. რაც შეეხება მშობლების აღტაცებას, რომ მათი შვილები სილამაზის კონკურსებში იღებენ მონაწილეობას, მინდა ვუთხრა, რომ არ გაიმეტონ შვილები ასეთი ტიპის სტრესისთვის. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ბავშვებისთვის, როდესაც ერთი მონაწილე იმარჯვებს, იდგამს თავზე გვირგვინს და დანარჩენი 20 ბავშვი უკან ტირის“.

7 წლის ბავშვის ფოტო-ვიდეო მასალა და მისი მშობლების სოციალურ ქსელში აქტიურობა, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა, შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყების ადამიანის უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლები გეგმავენ ბავშვის მშობლებთან გასაუბრებას. მათივე განცხადებით, „საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით, საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივ ვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“.

წყარო


თეგები :