• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ახალი პოლიტიკური მოთამაშე ბრილიანტის ბიზნესით - ვის ლობირებს ოცნების ფრანგული ფრთა მომავალი პრემიერის პოსტზე?

ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართულ პოლიტიკაში ახალი ფიგურის შემოსვლას ლობირებენ. 

ორგანიზაცია “რეფორმერის” თავმჯდომარე და კომპანია “ბლოკ ინვესტის” საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე ჯანაშვილი - ეს სწორედ ის პირია, რომელსაც ქართული ოცნების ე.წ. ფრანგული ფრთა ივანიშვილის მემკვიდრედ მოიაზრებს.

მასზე პოლიტიკოსებმა ბევრი არაფერი იციან. ზოგიერთი მათგანი ქართული ოცნებიდან ამბობს რომ თორნიკე ჯანაშვილის მამას ოქროსა და ბრილიანტის ბიზნესი აქვს ვენესუელაში, სადაც დღევანდელი რეჟიმის პირობებში, რუსული გავლენები გადამწყვეტია. 

თორნიკე ჯანაშვილი იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან და ბიძინა ივანიშვილის უფროს შვილთან, უტა მამაცაშვილთან მეგობრობს. 

გეგმის მიხედვით, "რეფორმერის" დამფუძნებელი პოლიტიკაში ახალი წლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს და აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გააკეთოს. 

"მან უნდა მოუწოდოს ახალგაზრდებს რომ შეუერთდნენ მის მოძრაობას. 

მოწოდება გაკეთდება ივანიშვილის შვილების, ბერასა და უტას მიმართულებითაც.

ქართული ოცნების ერთი ნაწილის აქტიური დახმარებით, თორნიკე ჯანაშვილი პარლამენტში მოხვდება, საიდანაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს" - ასეთია წულუკიანისა და უტას ოცნებები ჯანაშვილთან დაკავშირებით. 

იუსტიციის მინისტრი მასთან ერთად უკვე გამოჩნდა რამდენჯერმეც. 

მაგალითად: წულუკიანი ჯანაშვილის თანხლებით იმყოფებოდა ტყვიაველ მოსწავლეებთან შეხვედრაზე, სადაც მან, ადგილობრივებისათვის  პროგრამული ენის შემსწავლელი კურსის დაწყება დააანონსა. 

სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას პრემიერ მინისტრად დამტკიცებამდე კი, წულუკიანს შეხვედრა ჰქონდა ივანიშვილთან, სადაც ოლიგარქს, გარემოცვის ინფორმაციით, ჯანაშვილის შემდგომ გეგმებზეც ესაუბრა.

შეგახსენებთ, მასობრივი მანიფესტაციების გამო ივანიშვილი იძულებული გახდა დათანხმებულიყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პრორორციული წესითა ჩატარებაზე, რაც იმას ნიშნავს რომ დიდი ფულისა და ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში მოხვედრის შანსი ახლადგამოჩეკილ პარტიებსაც ექნება. 

2020 წლისთვის ოლიგარქის სტრატეგია ასეთია: რაც შეიძლება ბევრი პატარა და გაურკვეველი პარტია პარლამენტში. 

ივანიშვილი თვლის რომ პატარ-პატარა ჯგუფებს ადვილად იყიდის, ე.წ. პატრიოტთა ალიანსს დაიხმარს და კოალიციური პრინციპით შეინარჩუნებს ხელისუფლებას, რომელიც ფაქტობრივად, მიტაცებული აქვს. 

ოლიგარქს, სწორედ ამ კომბინაციისათვის სჭირდება ჯანაშვილი, რომელსაც წულუკიანი არეკრუტირებს.

თუმცა, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, სხვაგვარად ფიქრობს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რომელთა განწყობის გათვალისწინებით, 2020 წელს, მთავრობას პროდასავლური ოპოზიციური ძალები დააკომპლექტებენ, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, ქართული ოცნება მოქალაქეთა კავშირის მსგავსად, შარშანდელი თოვლივით გაქრება.