• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

"ნაზი ჯანეზაშვილმაც იგივე ინსტიტუტი დაამთავრა, რაც შალვა თადუმაძემ"

საპარლამენტო ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის,  შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით გუშინ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

„ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეჭვი შეიტანეს დეპუტატებმა მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო  ის, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან  მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი.  ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს.  ისეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი, რომ გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს.  შეუძლებელია დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე... მე დავპირდი საზოგადოებას, უმოკლეს ვადაში მომეძიებინა  დამატებითი არგუმენტები. გუშინვე  მე და ანრი ოხანაშვილმა გავიხსენეთ კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე  დაამთავრა ეს ინსტიტუტი და მის დიპლომში 2002 წელი ფიქსირდება. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ქალბატონი ნაზის კვალიფიკაციაში და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი. ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძველი არ გვქონდა. მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც ის იყო კანდიდატი და შემდეგ იყო მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ.  ჩვენთან ერთად  ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი“, - აღნიშნა ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მედიასთან კომენტარი ნაზი ჯანეზაშვილმაც გააკეთა.

„თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ ნამდვილად ვსწავლობდი 1997-2002 წლებში. თუმცა ჩემი განათლება ამით არ დასრულებულა. მას მერე განათლება უცხოეთში მივიღე. ჩემი დიპლომი ვიზუალურად განსხვავდება თადუმაძის დიპლომისგან, თუმცა ამით არაფერს ვამტკიცებ. შესაძლოა, ადმინისტრაცია ცვლიდა დიზაინს სხვადასხვა წელს. შესაძლოა ინსტიტუტის ადმინისტრაციის შიდა აქტით მიენიჭა დაწესებულებას მანამდე ნოდარ დუმბაძის სახელი. ერთი რამ ვიცი, რომ ასეთივე დიპლომი აქვს მოსამართლე ჩახნაშვილს და მისი ნამდვილობა დადასტურებულია“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

 

 


თეგები :