• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

„ტაქსებზე თუ არის გადამეტებული ფასების შემთხვევები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დარეგულირდეს“

თბილისი ევროპულ ქალაქებში იქნება ერთ-ერთი წარმატებული სატრანსპორტო თვალსაზრისით, ქალაქში გადაადგილება იქნება ყველაზე სწრაფი, ყველზე კომფორტული თავისი შესაბამისი საავტობუსე ზოლებით, ველობილიკებით და ა.შ , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტაქსების რეფორმაზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის თვალსაზრისით ტაქსების რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მთლიანობაში მოგცემს შესაძლებლობას, რომ თბილისი ევროპულ ქალაქებშიც იქნება ერთ-ერთი წარმატებული ტრანსპორტის თვალსაზრისით, იქნება ყველაზე სწრაფი, ყველზე კომფორტული ქალაქში გადაადგილება თავისი შესაბამისი საავტობუსე ზოლებით, ველობილიკებით და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა და გამოწვეულია თუ არა ეს ტაქსების რეფორმით, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან გაიმართა და პრობლემა აღმოფხვრილია.

„თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დარეგულირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობის მთავარი მიზანი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა და არსებული პარკის ჩანაცვლება.

„ჩვენი ამოცანაა ავტობუსების არსებული პარკის ჩანაცვლება, რომელიც არის უმძიმეს, კატასტროფულ მდგომარეობაში და ყველანაირი რესურსი ამოწურულია. ეს პროცესი დაწყებულია. ჩვენი ამოცანაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტიზე, პარალელურად ხდება ტაქსების რეფორმა და მთავარი ამოცანა არის, რომ ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, მისთვის ეს იყოს კომფორტული, სუფთა, ახალი, უსაფრთხო ავტომანქანა. საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ვინმეს ეს პრობლემა ექნება, იქნება ავტობუსები, იქნება მეტრო, რეაბილიტირებული ახალი ვაგონებით. ეს რთული პროცესი ჩვენ დაწყებული გვაქვს. კეთდება ისეთი საქმე,რომელიც რაც მეტრო გაიხსნა არ გაკეთებულა, ძალოვანი კაბელების ცვლილება, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული და პრობლემა არ იყოს მეტროთი მგზავრობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები :

კახა კალაძე