• თბილისი
  • 5°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

ფინანსთა მინისტრის მოადგილის სახლის ესკიზი სიღარიბით სავსე ქვეყანაში

ხალხის უკიდურესი სიღარიბის პარალელურად, რატომღაც სწრაფად მდიდრდებიან ჩინოვნიკები. 

ძვირადღირებული ბინები, სახლები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები - სიღარიბით და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ფუფუნებაში ცხოვრობენ.

როგორ ახერხებენ სახელმწიფო მოხელეები გამდიდრებას მაშინ, როდესაც 500 ათასამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს?

ჩვენ, ამჯერად ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის ქონებით დავინტერესდით. 

აღმოჩნდა რომ ყავლაშვილს, 2014 წელს, სოფელ დიღომში 47 ათას 300 დოლარად 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეუძენია - საკადასტრო კოდი: 01.72.14.037.011

ხოლო მის მეუღლეს, სალომე მედოიძეს 60 ათას ლარად უყიდია 6 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი ლილოში - 2016 წელს.

ყავლაშვილის დეკლარაციაში ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, აპირებს თუ არა, იგი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობას. 

თუმცა, ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ მისმა მეუღლემ, სალომე მედოიძემ არქიტექტურის სამსახურს სოფელ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების თხოვნით 2017 წლის 24 მარტს მიმართა და თანხმობაც მიიღო.

მეტიც, მოვიპოვეთ ცოტნე ყავლაშვილის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი სახლის ფრაგმენტის ესკიზიც, რომელიც საკმაოდ მდიდრულად და ძვირადღირებულად გამოიყურება. 

ეს სწორედ ის ესკიზია, რომელიც მინისტრის მოადგილის მეუღლემ არქიტექტურის სამსახურში გაგზავნილ დოკუმენტაციას დაურთო. 

მაშინ, როდესაც სიღარიბე იზრდება, ხოლო ასი ათასობით ადამიანს პურის ფული არ აქვს, რატომღაც ისე ხდება რომ მინისტრების, მისი მოადგილეებისა და ივანიშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლების ცხოვრება უმჯობესდება.