• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

"ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელის შეწყალების სანაცვლოდ საჩუქრად ნაქურდალი ძვირფასეულობა მიიღო" - პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი

პრესა.ჯის ექსკლუზივი. სალომე ზურაბიშვილმა დღემდე ვერ განმარტა, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელსაც 12 წლიდან მხოლოდ 4 წელი ჰქონდა მოხდილი. 

სამაგიეროდ, ჩვენთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომლის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. 

პოლიციელი თარაშ მუკბანიანი 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ “ლეგასში” მოკლეს. 

მან რამაზ დევაძისა და მისი თანმხლები პირებისაგან გოგონების დაცვა სცადა, რომლებსაც ისინი ავიწროვებდნენ. 

თუმცა, დევაძემ მუკბანიანს იარაღი წაართვა, სცემა და შემდეგ თავში ესროლა - ახალგაზრდა პოლიციელი გარდაიცვალა. 

დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია რომ ის ადრეც იყო გასამართლებული პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის.

მოკლულ პოლიციელს, დედა მკვლელობამდე ერთი წლით ადრე გარდაეცვალა, მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ კი, თარაშ მუკბანიანის მამა გადაყვა ამ ამბავს. 

ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა 

მიუხედავად საზოგადოების დიდი მცდელობისა, სალომე ზურაბიშვილმა დღემდე არ დაასახელა მიზეზი, რის გამოც პოლიციელ მუკბანიანის მკვლელი შეიწყალა - მარიამობას. 

ზურაბიშვილმა ჯერ გვითხრა რომ არ გვეტყვის თუ რატომ მიიღო ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება, შემდეგ კი მხოლოდ ზოგადად ისაუბრა ერთი მხრივ, პრეზიდენტის უფლებებზე, მეორე მხრივ კი, შეწყალების მექანიზმზე.

არადა, საზოგადოება დღემდე ითხოვს მისგან კონკრეტულ პასუხს, კონკრეტულ კითხაზე: რა იყო პოლიციელის მკვლელის შეწყალების საფუძველი?

სკანდალი

პრესა.ჯის ექსკლუზიური ინფორმაციით, აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში, 2017 წელს ერთერთი მეზღვაურის ბინა გატეხეს, საიდანაც სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ოქროსა და ბრილიანტის სამკაულებიც მოიპარეს.

კვალი აჭარაში ცნობილ კრიმინალებამდე მიდიოდა, თუმცა, კრიმინალებთან შეკრულმა სამართალდამცველებმა ბინის ქურდობის ფაქტები არ გამოიძიეს. უფრო სწორად, მისი გამოძიება ჯერ შეაყოვნეს, შემდეგ კი, შეაჩერეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გვიყვება რომ ნაქურდალი ნივთების ნაწილი, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნეს საჩუქრად - საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 

"ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელის შეწყალების სანაცვლოდ საჩუქრად ნაქურდალი ძვირფასეულობა მიიღო", - გვითხრა მან.

მისი ინფორმაციით, ზურაბიშვილმა კრიმინალურ სამყაროს, ძვირფასი საჩუქრისა და მხარდაჭერისათვის მადლობაც გადაუხადა. 

თუმცა, ხარკის გადახდის დროს მალე დადგა... 

აჭარელმა კრიმინალებმა, მთავრობისა და პოლიციის გავლენიანი წარმომადგენლების დახმარებით, ზურაბიშვილს თარაშ მუკბანიანის მკვლელობისათვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალება სთხოვეს... 

საინტერესო დეტალი: რამაზ დევაძის შეწყალებას არ შეწინააღმდეგებია შს მაშინდელი მინისტრი გახარია. 

მეტიც, სისხლიან ჯალათად წოდებულმა გახარიამ ჩათვალა რომ აჭარაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დევაძის გარემოცვის დახმარება  კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა. 

შესაბამისად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, ზურაბიშვილმა, ერთი მხრივ, მიღებული საჩუქრების გამო და მეორე მხრივ, ქართული ოცნების რეკომენდაციით, სასტიკად მოკლული პოლიციელის მკვლელი ციხიდან გაათავისუფლა ისე რომ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებიც არ აუხსნა. 

რას აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში? 

პრესა.ჯი რამდენჯერმე დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს. ჩვენ პრესსამსახურის წარმომადგენელს გავუგზავნეთ კითხვა: მიიღო თუ არა, ზურაბიშვილმა 2017 წლიდან დღემდე ოქროსა და ბრილიანტის სამკაულები საჩუქრად? 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან მოგვწერეს რომ ზურაბიშვილს მსგავსი საჩუქრები არ მიუღია. 

საპირისპიროს ამტკიცებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც ეს სტატია მოვამზადეთ, რათა მეტი სიცხადე შევიტანოთ პოლიციელის მკვლელის შეწყალების ბურუსით მოცულ საქმეში, რომელიც შესაძლოა, ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საფუძველიც გახდეს.

"სინამდვილეში ეს ამბავი მარტივად გამოსაძიებელია. 

ამოიღონ სტატისტიკა თუ რამენი ბინა გატყდა ქობულეთში 2017 წელს. 

ამოიღონ იმ ნივთების ჩამონათვალიც, რომლებიც დაზარალებულების თქმით, კრიმინალებმა მოიპარეს.

გაყვნენ კვალს და ზურაბიშვილის მიერ მიღებულ საჩუქრებს. კვლავ დაკითხონ დაზარალებულები და იქნებ თავადაც დარწმუნდნენ იმაში რაც უკვე გითხარით..." - ამბობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბრისას.