• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.

ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. ჟაირ ბოლსონარუს განმარტებით, ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიასთან გასამკლავებლად დამატებით 40 ადამიანის გაგზავნაც კი არ შეუძლია, რადგან ამის შესაბამისი რესურსი არ არსებობს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ცოტა ხნით ადრე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონზე ცეცხლი გაჩენაში არასამათავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუმ განმარტა, რომ ამ გზით არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ. მიზეზი კი მათი დაფინანსების შემცირებაა.

თუმცა მთავრობის ოპონენტები და თავად არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას სწორედ ბოლსონარუს და მის მთავრობას აკისრებენ. მათი განმარტებით, ამაზონზე მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ანტიეკოლოგიური პოლიტიკაა.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის ცნობით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 80 პროცენტით არის გაზრდილი.


თეგები :