• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ჭიდაობის ფედერაციამ თბილისის საბაჟოდან ჭავჭავაძის ქუჩამდე სპორტული ტანსაცმლის მიტანაში 8 ათას ლარზე მეტი გადაიხადა, ხოლო 831 ათასი ლარი უკვალოდ გააქრო - დიდი კორუფცია

დიდი კორუფცია ჭიდაობის ფედერაციაში. აორთქლებული 831 ათას ლარზე მეტი და საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციამდე სპორტული ტანსაცმელის ტრანსპორტირებაში გაწერილი საეჭვო თანხები. 

რაში და როგორ ფლანგავენ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჩონოვნიკები ხალხის ფულს - სიღარიბით და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში?

ჭიდაობის ფედერაცია კალაძის ზონდერ ჯგუფების მთავარი ნავსაყუდელია. 

ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე რამდენჯერმე იყო დადანაშაულებული როგორც კორუფციაში, ისე ძალადობაშიც, მაგრამ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წყალობით მან პასუხისმგებლობას თავი აარიდა.

თუმცა, ფედერაციაში დაკარგული თანხებისა და კორუფციის შესახებ იმდენად უხვად არის ინფორმაცია რომ გეგეშიძე და მისი ლობისტები (მინისტრის მოადგილე და სხვები), ძალიან დიდი ალბათობით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. 

ამჯერად კი, იმის საილუსტრაციოდ თუ როგორ ფლანგავენ ქართულ ოცნებასთან სიახლოვის გამო ფედერაციაში ხალხის ფულს, სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კორუფციული გარიგებების წყალობით, კიდევ რამდენიმე ფაქტს წარმოგიდნეგთ, რომლის შესახებ მონაცემები უფრო ვრცლად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებულ კვლევაშიც იძებნება.

ფაქტი პირველი: 2017 წლის ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტრომ ჭიდაობის ფედერაციას 1,786,835 ლარი გადაურიცხა.

დოკუმენტებში წერია რომ ამ თანხიდან, ფაქტობრივი ხარჯი გაწეულია  782,785.38 ლარის ოდენობით, ხოლო უკან დაბრუნდა 173,001.62 ლარი. 

თუმცა, დანარჩენ 831,048.0 ლარის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. არც სამინისტროში და არც ფედერაციაში ამ მომენტამდე პასუხი არ აქვთ კითხვაზე: სად და როგორ აორთქლდა 831 ათას ლარზე მეტი?

ფაქტი მეორე: ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარის ოდენობით. ხოლო, ხელშეკრულებასა და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარის ოდენობით.

ფაქტი მესამე: ფინანსური დოკუმენტების თანახმად, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა. 

ხოლო ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე სპორტული ტანსაცმლის ტრანსპორტირებაში - 8,276 ლარი.

წარმოიდგინეთ, ფედერაცია ირწმუნება და სამინისტროც კვერს უკრავს რომ სპორტული ტანსაცმლის მოტანა თბილისის საბაჟოდან ფედერაციის შენობამდე 8 ათას 276 ლარი ჯდება მაშინ, როდესაც უცხოეთიდან საქართველომდე მისი ჩამოტანა 12 ათას 517 ლარი ღირს.

ჭიდაობის ფედერაციაში ირწმუნებოდნენ რომ გაჟღერებული კორუფციული ხასიათის ფაქტებზე რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავდნენ და ყველა კითხვას არგუმენტირებულად უპასუხებდნენ. 

თუმცა, ვერც ფედერაციაში და ვერც ბატიაშვილის უწყებაში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრეს პასუხები იმაზე, თუ სად დაიკარგა ხალხის მიერ გადახდილი 831 ათასი ლარი და რატომ ჯდება ასე ძვირი საბაჟოდან ვაკემდე სპორტული ტანსაცმლის მიტანა...

მიუხედავად ამისა, მაინც ვცადეთ დავკავშირებოდით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, შალვა გოგოლაძეს, რომელიც ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც აგვიხსნეს, თურმე, კუთვნილ შვებულებაში იმყოფება. 

ხოლო ჭიდაობის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, ჩვენი კითხვების მოსმენის შემდეგ  გვითხრა რომ „მალე ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს“. 

„ამ თემებზე ფედერაციაში გაიმართება პრესკონფერენცია, ზუსტად რომელ საათზე, ამას შეგატყობინებთ... მანამდე კი, რა თქმა უნდა, ვერც ერთ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს, მითუმეტეს მე. 

ყველა კითხვაზე კომენტარს ან ფედერაციის პრეზიდენტი გააკეთებს ან ვინმე კომპეტენტური პირი“, - ამბობს ოთარ მაღლაკელიძე ჭიდაობის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.

ვიმედოვნებთ რომ ჭიდაობის ფედერაციაში დაკარგული თანხების თაობაზე მალე აუდიტის სამსახური და პროკურატურაც დაინტერესდება, რადგან ყველა მონაცემის თანახმად, საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასთან - ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით.