• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ლავროვი მოადგილედ საქართველოდან გაძევებულ ჯაშუშს ნიშნავს და თბილისთან კომუნიკაციას ავალებს - კარასინს ვოლინკინი შეცვლის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ და მათ შორის ქართულ-უკრაინული კონფლიქტების კურატორად, რუსი ჯაშუში, ივან ვოლინკინი ინიშნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2007 წელს პერსონან ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. 

ივან ვოლინკინი, რომელიც რუსულმა მედიამ ლავროვის მოადგილედ დაასახელა, გრიგორი კარასინს შეცვლის.

ვოლინკინი 2007 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ გახსნილი რუსი ჯაშუშების საქმეში ფიგურირებდა. 

მაშინ ის, კიდევ ორ რუს ჯაშუშთან ერთად, ქვეყნიდან გააძევეს და საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს. 

რატომ ნიშნავენ ჯაშუშს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ? 

ეს არის პირდაპირი სიგნალი იმისა რომ რუსეთის ფედერაციის მიზანი, საქართველოსა და უკრაინაში სადაზვერვო საქმიანობის გაძლიერებაა.

„თუ ვოლინკინი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და მან ისეთივე ფუნქცია შეითავსა, როგორიც კარასინს აქვს, ქართულ სპეცსამსახურებს დიდი გამოწვევა ელის. 

ეს იქნება ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა რომ ოკუპანტი ქვეყანა სრულად აამოქმედებს თავის არსენალს, გააქტიურებს ჯაშუშებს და ეცდება შექმნას ახალი ქსელი, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 

ეს ასევე ნიშნავს იმას რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაცია ემზადებოდეს იმისათვის რომ ეცადოს წავიდეს საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ და დაეხმაროს ქართულ ოცნებას ხელისუფლების შენარჩუნებაში“, - ასე ხსნის ვოლინკინის ლავროვის მოადგილედ შესაძლო დანიშვნას კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი.