• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

კომპანიას, რომლის მფლობელი ხელისუფლებას გიორგი გაბუნიასა და რუსთავი 2-ის დასჯისკენ მოუწოდებდა, მთავრობა 2 მილიონამდე ლარით აფინანსებს

„ჯორჯიან ეარვეისს“, რომლის მფლობელი, თამაზ გაიაშვილი ხელისუფლებას ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას დასჯისკენ და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს შევიწროვებისაკენ მოუწოდებდა, თითოეული ჩვენგანი - ბიუჯეტი დააფინანსებს.

მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯორჯიან ეარვეისში განაცხადეს რომ თითქოს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავია-რეისების შეწყვეტის გამო, კომპანიამ 25 მილიონით იზარალა. თუმცა, რატომღაც ზარალის დამადასტურებელი საბუთები არ წარმოუდგენიათ.

საინტერესოა, როგორ უნდა ეზარალა ავიაკომპანიას 25 მილიონით ან რამდენად შეესაბამება კომპანიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია რეალობას? ამის შესახებ ჩვენ ჯორჯიან ეარვეისის მფლობელს, თამაზ გაიაშვილს ვკითხეთ. აღმოჩნდა რომ მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს...  

პრესა.ჯი: თქვენი კომპანიის განცხადებაში ნათქვამია რომ ჯორჯიან ეარვეისმა რუსეთთან ფრენების შეწყვეტის გამო 25 მილიონიანი ზარალი მიიღო. რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებთ რომ 25 მილიონით იზარალეთ?

თამაზ გაიაშვილი: დაითვლიდნენ ალბათ... აბა საიდან მოიტანეს? ჯიბიდან ხომ არ აიღებდნენ ამ ციფრს, არა?

- გაბერილი ხომ არ არის ეს ციფრი, ნამდვილად 25 მილიონით იზარალეთ?

- იცით რა გითხრათ? ინტრიგნობას თავი დაანებეთ. გაბერილია თუ გამობერილია, ალბათ იციან რასაც გეუბნებიან...

- ბატონო თამაზ, როდესაც აცხადებთ რომ 25 მილიონით იზარალეთ და სახელმწიფოს ხალხის, ბიუჯეტის ფულით დაფინანსებას სთხოვთ, ხომ უნდა გამოგექვეყნებინათ კონკრეტული დოკუმენტები, თუ როგორ მიიღეთ ამხელა ზარალი?

- დაითვალეს ალბათ, ისე არაფერი არ კეთდება ამ ქვეყანაზე, გასაგებია?

შეგახსენებთ რომ 2019 წლის 24 ივლისის საქართველოს მთავრობის ნომერ 345-ე დადგენილების მიხედვით, ბიუჯეტი ავიაკომპანიებს ჯამში 600 ათასი ევროთი (ორ მილიონამდე ლარით) დააფიფნანსებს (დღგ-ს გარეშე).

პრემიერ ბახტაძის დადგენილების თანახმად, შეთანხმებას ავიაკომპანიებთან, რომლებიც სატრანზიტო ფრენებს ერევანის გავლით ასრულებენ,  სახელმწიფო კომპანია - „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს.

ავიაკომპანიამ, რომელსაც ბიუჯეტიდან აფინანსებს მთავრობა, საქართველოს ყველა აეროპორტში კვირაში სულ მცირე ორი სატრანზიტო რეისი უნდა შეასრულოს.

მთავრობის ინიციატივის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტით (ერევნის გავლით) ჩამოყვანილ ყოველ მგზავრზე სუბსიდია იქნება არა უმეტეს 90 ევროს ოდენობით - დღგ-ს გარეშე.

ჯორჯიან ეარვეისი მთავრობას მადლობას უხდის ხალხის ფულით დაფინანსების გამო და კომპანიის მიერ მიღებულ ზარალზე საუბრობს, თუმცა, რატომღაც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოქვეყნება ამ დრომდე ავიწყდება.

„საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.

ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება, გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. 

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება რომ ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა "ჯორჯიან ეარვეისისთვის", რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება, - ნათქვამია განცხადებაში“.

ისმის კითხვა: თუ ავიაკომპანიამ რუსეთის მიმართულებით გაყიდული ბილეთების 80 პროცენტი უკან დააბრუნა, იყო თუ არა, გაყიდული ბილეთების ჯამი 25 მილიონი? 

ან ამით, ზარალი მიიღო თუ, მაგალითად, დამატებითი მოგება ვერ მიიღო?

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბატონ გაიაშვილს ვერაფრით გავაშიფრინეთ ის 25 მილიონიანი ზარალი, რომელიც მისი თქმით, კომპანიამ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გამო განიცადა.

სამაგიეროდ, გაიაშვილი საკმაოდ კონკრეტული იყო მაშინ, როდესაც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასა და რუსთავი 2-ზე საუბრობდა და მთავრობას აშკარა რეპრესიებისკენ მოუწოდებდა.

„მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვგმობ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ორ ხალხს შორის შუღლის გაღვივების მიზანმიმართულ მცდელობას. 

მივიჩნევ, რომ ეს არის ისტორიულად ცნობილი, მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა მსოფლიოს თვალში. 

ვთვლი, რომ შუღლის გაღვივების მცდელობისათვის, შესაბამისმა უწყებებმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამ ფორმით მაუწყებლობაზე, აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ", - ამბობდა გაიაშვილი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას“, „რუსთავი 2“-ის ამ ფორმით მაუწყებლობაზე, აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ" - ეს ფრაზები სხვა არაფერია, თუ არა, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიის მფლობელის მოწოდება დამოუკიდებელი მედიის დასჯის შესახებ. 

როგორც ჩანს, სწორედ ასეთი კომფორმისტული დამოკიდებულებაა იმის საფუძველი რომ სიღარიბით, მოშიმშილე ბავშვებითა და უმუშევრობით სავსე ქვეყანაში, მთავრობა ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან  მილიონობით ლარით აფინანსებს ჯორჯიან ეარვეისს, რომლის მფლობელიც ხელისუფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზრუდვისკენ მოუწოდებდა.