• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

მილიარდელმა ივანიშვილმა სათვალთვალო კამერის დაზიანების გამო ელგუჯა ბაგრატიონს პოლიციაში უჩივლა და მის დაპატიმრებას ითხოვს

რეპრესიები გრძელდება. ივანიშვილი, რომელმაც წლების წინ საკუთარი მებაღე და ქვისლი გაიმეტა საციხოდ, ახლა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს აჭარის უზენაეს საბჭოში, ელგუჯა ბაგრატიონს სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით უჩივის.

საქმე ეხება შეკვეთილში, ოლიგარქის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს და მასში ათასობით ადამიანთან ერთად ელგუჯა ბაგრატიონის მონაწილეობას.

კერძოდ, დღეს, პოლიცია აპირებს ელგუჯა ბაგრატიონს ივანიშვილის კუთვნილი სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდება წაუყენოს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

სხვისი ნივთის დაზიანება - ეს არის ბრალის ფორმულირება, რომლის გამოყენებითაც რეჟიმი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განეიტრალებას ცდილობს. 

თუმცა, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდების გასამყარებლად, კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის ჩვენება და საჩივარია აუცილებელი.

დაზარალებული კი, პოლიციის ვერსიით, მილიარდელი ივანიშვილია, რომელიც თავისი მავნებლური პოლიტიკით, უკვე მეშვიდე წელია ყოველდღიურად აზარალებს ქვეყანასა და საქართველოს მოქალაქეებს.

აჭარის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე ამ ფაქტს პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებს და აცხადებს რომ ელგუჯა ბაგრატიონის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ცოტა რამ წარსულიდან...

სხვების კი არა, ივანიშვილისთვის საკუთარი ახლობლების საციხოდ გამეტებაც არ არის უცხო. 

მაგალითად, მან, წლების წინ, პროკურატურაში უჩივლა საკუთარ ქვისლს, გია ბერაძეს და ის თანხის მითვისებაში დაადანაშაულა. ამის გამო ბერაძე ციხეში აღმოჩნდა.

მეტიც, ივანიშვილმა პროკურატურაში უჩივლა საკუთარ მებაღესაც და ისიც თანხის მითვისებაში დაადანაშაულა. ივანიშვილის საჩივრის მიხედვით, მებაღემ ნერგები ძვირად იყიდა, რის გამოც ოლიგარქმა იზარალა. 

ივანიშვილის საჩივრის გამო, სოციალურად დაუცველმა მებაღემ, რომელიც ჭიათურის შორეულ სოფელში ცხოვრობდა, 2 წელი გაატარა ციხეში.