• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

„აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კელიები აქციეს ტუალეტებად, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ იყო“

დავით გარეჯში დაძაბული ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს. 

მათი თქმით, მოსახლეობაში პროტესტი გრძელდება და თუ რეაგირება დროული არ იქნება, შესაძლოა ვითარება ისევ დაიძაბოს.

დავით გარეჯში იმყოფებიან ანტისაოკუპაციო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები. ისინი სამონასტრო კომპლექსში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ვითარება მეტისმეტად დაიძაბა.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გუშინ კელიებიდან ხატები ამოიტანეს და ადგილობრივებს იმის ნიშნად გადასცეს, რომ სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, სადაც  ჩიჩხიტურის კოშკია საქართველოს აღარ ეკუთვნის.

ამ დროისთვის მოსახლეობის პროტესტს კიდევ ერთი ფაქტი იწვევს, ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოძრაობა „ ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სამონასტრო კომპლექსის კელიები საპირფარეშოებად აქვთ ქცეული.

„შეურაცხმყოფელი ფაქტია, რაც დადასტურებულია უკვე, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კელიები აქციეს ტუალეტებად, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტებთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ იყო და არანაირი პოზიცია არ დაფიქსირებულა,“ - ამბობს ქაცარავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საზოგადოებას და სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფებს მოუწოდებს, საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ. 

უწყების ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.


თეგები :