• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ლიბერთის მფლობელები ბრიტანული სასამართლოს მიერ თაღლითობაში დადანაშაულებული პირები არიან - რატომ არ განარიდა რუხაძე, ალექსეევი და მარსონი სებ-მა ბანკიდან, როგორც ეს ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში გააკეთა?

ირაკლი რუხაძე, იგორ ალექსეევი და ბენ მარსონი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატაში, მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გასული წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივები მიითვისეს ორგანიზებული შეთქმულების გზით.

საინტერესოა, პირებმა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა გაამტყუნეს, უნდა მართონ თუ არა, ერთერთი ყველაზე მსხვილი ლიბერთი ბანკი მაშინ, როდესაც მაგალითად, ფულის გათეთრების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თიბისი ბანკის მფლობელებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკთან ურთიერთობა აუკრძალეს?

ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებულებიც კი არ არიან. მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენიც არ არსებობს. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა მაინც საჭიროდ ჩათვალა მათი ბანკიდან განრიდება.

საინტერესოა, რატომ არ მოქმედებს ეროვნული ბანკი იგივე პრინციპით რუხაძის, ალექსეევისა და მანსონის მხრიდან მაშინ, როდესაც მათ მიმართ არათუ ბრალდება, არამედ, გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს?

სებ-ში ამის შესახებ პასუხები არ აქთ. ეროვნულ ბანკს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებს მკაცრად ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში და ლოიალურად - რუხაძე-ალექსეევი-მარსონის შემთხვევაში?

საქმის მასალები...

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა რომ  2019 წლის 12 მარტს, ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი რუხაძისა და Hunnewell Partners-ის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც განამტკიცა 2018 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია Salford Capital Partners Inteational-ს მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს.

ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ვერ გააბათილეს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატაში, მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გასული წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, რომლიდან გამომდინარეც საქართველოს სახელისუფლებო მედიის მფლობელს (ასევე მის პარტნიორებს), საშუალოდ 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივების მიტაცების გამო.

შესაბამისად, ძალაში დარჩა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატაში, მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გასული წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება. 

მოსარჩელე მხარე რუხაძესა და კომპანიას ჯამში 500 მილიონს ედავებოდა, თუმცა, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესიმპერია 350 მილიონი დოლარით აზარალეს.

სასამართლო დავა, რომელიც 2018 წლის ნოემბერში ირაკლი რუხაძის, ალექსეევისა და მარსონის გამტყუნებით დასრულდა, ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მართვის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 

"აქტივების ფაქტობრივმა განმკარგავმა, ირაკლი რუხაძემ ის ვალდებულებები დაარღვია, რომლებსაც მას კომპანია Salford Capital Partners-ის დირექტორის პოსტი აკისრებდა. 

ირაკლი რუხაძე მოქმედებდა Salford-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შევიდა კონსპირაციაში მის წინააღმდეგ, რითაც პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო იმ აქტივების მართვა, რასაც წარსულში ბადრი პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი, იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners Inteational-ი განკარგავდა", - წერია მოსამართლე სარა კოკერილის 2018 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომლის სისწორეც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლორდმა ჯულიან ფლომაც დაადასტურა 2019  წლის 12 მარტს.

სარა კოკერილის გადაწყვეტილებაში ასევე წერია რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2004 წელს მიიღეს კანონი BVI კომპანიების შესახებ, რომლის მიხედვითაც „კომპანიის დირექტორი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. მთელი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე“. 

რუხაძეს აღნიშნული ვალდებულებები ჰქონდა კომპანიისადმი, როდესაც ის პატარკაციშვილების ოჯახს ქონების აღდგენის სერვისს სთავაზობდა.

ამავდროულად, რუხაძეს, როგორც SCPI-ის ერთ-ერთ აღმასრულებელს, კომპანიის მიმართ Fiduciary Duties-ი მართებდა. 

Fiduciary Duties-ი არის კომპანიის მენეჯერთა, ტრასტის მონაწილეთა ვალდებულება, იმოქმედონ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყონ მის ზრდას და განვითარებას. 

ეს ნორმები მოიცავს ვალდებულებებს ინტერესთა კონფლიქტების ელიმინაციისა და კომპანიის საერთო მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალობის დაცვის მიზნით.

Fiduciary Duties-ი აღიარებული სამართლებრივი ნორმაა და ის განმტკიცებულია ბრიტანული სასამართლო სისტემის მრავალი პრეცედენტით. 

სარა კოკერილი ასკვნის, რომ ირაკლი რუხაძეს, როგორც SCPI-ის ტოპ-მენეჯერს ამ ვალდებულებათა დაცვა აუცილებლად მართებდა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ირაკლი რუხაძის მიერ პოსტიდან გადადგომისას დასახელებული არგუმენტი, რომ ეს საგადასახადო მიზეზებს უკავშირდებოდა, კითხვის ნიშნებს აღძრავს. 

ამავდროულად, სასამართლო თვლის, რომ რუხაძეს ასეთი ვალდებულებები ჰქონდა კომპანია Recovery Partners-ის წინაშეც.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ირაკლი რუხაძემ მოდავე მხარეს წაართვა შესაძლებლობა, თავად განეხორციელებინა ქონების აღდგენის სერვისი, თანაც ამით დაარღვია Fiduciary Duties-ი, რომელიც მას SCPI-ის Recovery Partners-ისა და Revoker-ის წინაშე ჰქონდა. 

სასამართლომ ამ ვალდებულების დარღვევა დაადგინა რუხაძის დანარჩენი პარტნიორების მიმართაც, იგორ ალექსეევის შემთხვევაში კომპანიების SCPI-ისა და Revoker-ის წინაშე, ხოლო ბენ მარსონის შემთხვევაში მხოლოდ Revoker-ის მიმართ. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძის გადადგომა საკუთარი კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას ისახავდა მიზნად.

როგორ შეიძლება საქართველოში სიდიდით მესამე ბანკის მფლობელი ისეთი ადამიანი იყოს, რომელმაც ორგანიზებული შეთქმულების გზით ზიანი მიაყენა საკუთარ პარტნიორებს, ხოლო ბრიტანულმა სასამართლომ ამხელა თანხის ანაზღაურება დაავალა სხვისი კუთვნილი აქტივების მითვისების გამო?

გვაქვს იმის გარანტია რომ რუხაძე, ალექსეევი და მარსონი არ მიითვისებენ მეანაბრეთა ფულსა და ქონებას, როგორც ეს, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სალფორდის შემთხვევაში გააკეთეს?

„Liberty Bank-ის აქციების საკონტროლო პაკეტი European Financial Group-ის მფლობელობაში გადავიდა. ლიბერთის აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა.

შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე)“, - ეს ინფორმაცია 2017 წლის 16 ოქტომბერს, ლიბერთი ბანკმა გაავრცელა.

შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, ლიბერთი ბანკს ფლობენ პირები, რომლებმაც ორგანიზებული სეთქმულების გზით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ასეულობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს.

P.S: ირაკლი რუხაძე, ამავე დროს, სამთავრობო ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. 

ერთერთი ვერსიით, მას და მის პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილი 350 მილიონი დოლარის პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლოდ გადახდას დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ ლიბერთი ბანკი და სამთავრობო იმედი ოლიგარქის ჯიბეში აღმოჩნდება.

შესაბამისად, სწორედ ამით შეიძლება იყოს ის გარემოება გამოწვეული რომ თუ ივანიშვილს სურს, ხაზარაძე-ჯაფარიძეს საკუთარი ბანკიდან აგდებენ, ხოლო ბრიტანული სასამართლოების მიერ გამტყუნებულ რუხაძესა და მის პარტნიორებს სასათბურე პირობებს უქმნიან.