• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

სუსის უფროსის მოადგილე ხოჯევანიშვილის ოჯახმა 2012 წლიდან დღემდე 750 ათას 458 ლარის ქონება შეიძინა, ხოლო 92 ათასი ლარი საჩუქრად მიიღო

სიღარიბით სავსე ქვეყანაში ივანიშვილის კლანის წევრები და მაღალჩინოსნები მდიდრდებიან.

ჩვენ არაერთი ფაქტი გამოვაქვეყნეთ იმის საილუსტრაციოდ თუ როგორ ხდებიან მილიონერები ამა თუ იმ უწყების ჩინოვნიკები საეჭვოდ, იქ, სადაც ასეულობით ათასი ადამიანი, უბრალოდ, შიმშილობს.

ამჯერად კი, სუსის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მიერ 2012 წლის შემდეგ შეძენილი ქონების ნუსხას წარმოგიდგენთ. 

მის მიერ შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა რომ ბატონი ხოჯევანიშვილის ოჯახმა, 2012 წლის შემდეგ საშუალოდ 750 ათას 458 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. 

მაგალითად: ხოჯევანიშვილის 2019 წლის 27 თებერვალს შევსებული დეკლარაციით დგინდება რომ მან, 2018 წელს, მიხეილ თამარაშვილის 13 ნომერში 144 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ბინა 134 ათას 400 დოლარად იყიდა. 

ბატონმა ხოჯევანიშვილმა იმავე წელსვე შეიძინა ავტოფარეხიც, იგივე მისამართზე, რაც 10 ათასი დოლარი დაუჯდა. 

სუსის უფროსის მოადგილემ, 2017 წელს, 754 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიც იყიდა ოქროყანაში, რაშიც 144 ათას 538 ლარი გადაიხადა.

ხოლო უფრო ადრე, 2013 წელს, მისმა მეუღლემ, ქეთი იორდანიშვილმა ბორჯომში მდებარე 51 კვადრატული მეტრის ფართის მქონე ბინაში 50 ათასი დოლარი გადაიხადა. 

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ქალბატონ ქეთის 2015 წელს ბმვ-ს მარკის ავტომობილი 22 ათასი დოლარი დაუჯდა. 

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე მითითებულია რომ მას ძმამ საჩუქრის სახით 80 ათასი ლარი მისცა, დედამ კი - 12 ათასი.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუსში ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ჟანდარმის, გიორგი გახარიას თვალი და ყურია. ის სუსის უფროსის მოადგილედ 2019 წლის იანვარში დაინიშნა.

P.S: საჩუქრების გარდა, ხოჯევანიშვილმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯამში 216 ათას 400 დოლარის (605 ათას 920 ლარი, კურსით 2.80) და 144 ათას 538 ლარის ქონება შეიძინა, რაც ჯამში 750 ათას 458 ლარია.