• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

მთავრობა ცხენებს აგროვებს და დავით გარეჯში მხედრული მსვლელობისთვის ემზადება - პროვოკაცია თუ მავნებლობა?

ხელისულფების ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სხვადასხვა საცხენოსნო კლუბებიდან ცხენებს აგროვებენ და დავით გარეჯში მხედრული მსვლელობისთვის ემზადებიან - „გარეჯობის“ აღსანიშნავად.

საბოლოოდ კი, დავით გარეჯის პრობლემა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააღვივა, შესაძლოა, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებად დაგვიჯდეს, რაც მხოლოდ ოკუპანტ რუსეთს აძლევს ხელს. 

ზურაბიშვილმა, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა არაკვალიფიციურობა და ღიად დაუპირისპირდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევს საზღვრის დემარკაცია მოსთხოვა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან გზის გაყვანა დაიწყეს. 

საქმე ისაა რომ დავით გარეჯი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძეგლია. მეტიც, აზერბაიჯანული მხარე თვლის რომ ის ალბანური ძეგლია, რასაც ცხადია, ჩვენ არ ვეთანხმებით და მას ქართული კულტურის ნაწილად მოვიხსენიებთ - სრულიად ლეგიტიმურად. 

ორმხრივი მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნებისათვის, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ საკითხის „გაყინვა“ და ურთიერთკომპრომისია, რასაც როგორც ჩანს, თავი ვერ გაართვა ივანიშვილის რეჟიმმა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. 

მეტიც, კერძო ბიზნეს-ინტერესებისა თუ პოლიტიკური მავნებლობის გამო, ხელისუფლებამ დავით გარეჯის პრობლემის გაცოცხლება და მეზობელთან სიტუაციის დაძაბვა მოახერხა.

ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ინიციატივა: ცხენებით მსვლელობა დავით გარეჯის მიმართულებით.

ამ მიზნით, სხვადასხვა კერძო საცხენოსნო კლუბებიდან ცხენებს აგროვებენ, რათა დავით გარეჯში ხვალ პომპეზური მსვლელობა მოაწყონ და ამით, თუნდაც უნებურად, აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა დააზიანონ, რაც სხვა არაფერია, თუ არა, გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი პროვოკაცია.

პრესა.ჯი: იპოდრომის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ინფორმაციის გადამოწმება სცადა: 

პრესა.ჯი: თქვენგანაც მიყავთ ცხენები დავით გარეჯის მიმართულებით?

ბელა ჩხაიძე: არა, ამის შესახებ ჩვენ საქმის კურსში არ ვართ.

- რამდენი ცხენი გყავთ? 

- იპოდრომს 25 ცხენი ჰყავს საკუთრებაში, თუმცა, გვყავს კერძო მესაკუთრეების ცხენებიც.

- მთლიანად რამდენი ცხენია თქვენთან?

- 70.

- იცით იმის შესახებ რომ დავით გარეჯის მიმართულებით ცხენებით მსვლელობა იგეგმება?

- ჩვენთვის არავის უთქვამს. შესაძლოა სხვადასხვა კერძო საცხენოსნო კლუბებიდან აგროვებენ ამისათვის ცხენებს.

კერძო საცხენოსნო კლუბების ნაწილი უარს ამბობს ინფორმაციის გაცემაზე იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად ვის, რატომ და რამდენი ხნით გადაყავს ცხენები დავით გარეჯში.