• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

რა დაავალა ივანიშვილმა წულუკიანს - იუსტიციის მინისტრის საიდუმლო თათბირი რუსთავი 2-ის შესახებ

ივანიშვილის ახალი უკანონო დავალება იუსტიციის მინისტრს. თეა წულუკიანს ევროსასამართლოს მოსამართლის, ლადო ჭანტურიას დამუშავება და მისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენება დაევალა. 

საქმე ეხება ივანიშვილის მიერ აუღებელ ციხე-სიმაგრეს - ტელეკომპანია რუსთავი ორს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ, დემოკრატიის ინდექსს განსაზღვრავს.

საქართველოს არაფორმალური მმართველი თვლის რომ რუსთავი 2-ის დღევანდელი სახით მუშაობის პირობებში მას 2020-ში ხელისუფლების შენარჩუნების შანსი არ ექნება. 

შესაბამისად, რუსეთში გამდიდრებული და ხშირად კრემლის პირდაპირი ინტერესების გამხმოვანებელი ივანიშვილი ტელეკომპანიის ყველა შესაძლო მეთოდით გაჩერებასა და გაკოტრებას ცდილობს. 

ამ მიზნით, ივანიშვილი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ესაუბრა და ყველა იურიდიული, სახელმწიფო და ფინანსური რესურსის ამუშავება დაავალა, რათა როგორმე გამორთოს ტელეკომპანია, რომლიდანაც ყველაზე მეტად და ადეკვატურად ისმის ხალხის ხმა. ხალხის, რომელიც სიღარიბესა უპერსპექტივობაში ცხოვრობს...

ივანიშვილისა და წულუკიანის შეხვედრა რუსთავის 2-ის 9 პროცენტის წილის მფლობელის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. 

ძნელია ზუსტი ციტირება იმისა, თუ რა უთხრა ოლიგარქმა იუსტიციის მინისტრს, თუმცა, შეხვედრიდან დაბრუნებულმა წულუკიანმა სპეციალური თათბირი ჩაატარა, სადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადამწყვეტი ეტაპის დაწყება დააანონსა, რასაც ოფიციალურად, რა თქმა უნდა, უარყოფენ. თუმცა, წყარო, რომელიც დღესაც იუსტიციის სამინისტროში მუშაობს ერთერთ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე, პრესა.ჯის დეტალებს უმხელს...

ამ თათბირიდან მალევე კი, ქართულ სასამართლოებში რუსთავი 2-ის 9 პროცენტის წილის მფლობელისა და ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილი ნიჟარაძის სარჩელი შევიდა აბსურდული მოთხოვნით.

ნინო ნიჟარაძე რამდენიმე ათეულ მილიონიან კომპენსაციასა და ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტის, ნიკა გვარამიას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა, რუსთავი 2-ის გამორთვა და ივანიშვილის აუხდენელი ოცნება.

რაც შეეხება წულუკიანს, ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ძირითადად კორუფციასა და კრიმინალზე დგას, მზად არის თვალი დახუჭოს მისი მეუღლის უკანონო ბიზნეს-ინტერესებსა და გარემოცვის მიერ ტენდერებით სპეკულირებაზეც, თუ იუსტიციის მინისტრი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

ამ მომენტისათვის, უკვე რამდენჯერმე შედგა წულუკიანისა და ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ლადო ჭანტურიას საუბარი. 

პრესა.ჯის ინფორმაციით, მიუხედავად მცირედი შანსისა და ნაკლები პერსპექტივისა, წულუკიანმა და ჭანტურიამ დასახეს გეგმა, თუ როგორ უნდა დააჩქარონ ევროსასამართლოში რუსთვი 2-ის საქმის დასრულება ე.წ. ახალი გარემოებების გათვალისწინებით.

შესაბამისად, გამორიცხული არ არის რომ სწორედ ამ წუთებში წყდებოდეს ქვეყნის მთავარი არხისა და ქართული დემოკრატიის ბედი, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად.