• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

ფეხბურთელი მოსამართლეს: შეცდომა დავუშვი... დედა მყავს ავად, ასევე, 22 ივნისს ქორწილი მაქვს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა.

ადვოკატების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და მისი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა.

"შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად. ასევე 22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ", - მიმართა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს.

სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 11 პირიდან პროკურატურა ოთხის მიმართ პატიმრობის შეფარდებას, 7 ბრალდებულის მიმართ კი 10-ათას ლარიან გირაოს საპატიმრო უზრუნველყოფით მოითხოვს.

სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).


თეგები :