• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

კეთილი იყოს ჩვენი მიბრძანება ახალ ასლანდიაში - პრიალა პარკეტის სინდრომი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ უკვე ნათელი იყო მთავრი პოლიტიკური რეალობა- საქართველოში გაუქმდა არჩევნები, როგორც ხელისუფლების შეცვლის ინსტრუმენტი. 

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მერის არჩევნებშიც.

ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამ აზრს არ ეთანხმებოდა და ოპოზიციის მიერ მეორე ტურის წაგების მიზეზად  სხვადასხვა ფაქტორს ასახელებდა.

სწორედ ესაა ხელისუფლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დისკურსიც: დააკომპლექსოს, საკუთარ შეცდომებზე დააფიქროს და თვითგვემაში ამყოფოს ოპოზიცია. 

ხელისუფლება მუდმივად იქნება კომფორტის ზონაში, ვიდრე არჩევნები იქნება ოპოზიციის ერთადერთი ორიენტირი. 

დადგა დრო ვაღიაროთ, რომ საქართველო არ განეკუთვნება არც დემოკრატიული ქვეყნების რიგს და არც თუნდაც არალიბერალურ დემოკრატიას თუ ჰიბრიდულ რეჟიმს. 

დღეს საქართველო  არის ავტორიტარული ქვეყანა, ზუსტად ისეთი, როგორიც  არსებობდა აჭარაში - ასლან აბაშიძის რეჟიმის სახით.

ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა  თითოეული ამომრჩევლის ტოტალური კონტროლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება შეძლო. 

მას შეუძლია არჩევნებში მიიღოს ზუსტად იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდება ე.წ. გამარჯვებისთვის. 

თუ ოპოზიცია გაზრდის თავის ელექტორალურ ბაზას, პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ქართული ოცნების მიერ მიღებული ხმების რაოდენობაც არჩევნებზე. 

საქმე ისაა, რომ სოციალურად აქტიური ადამიანების უმრავლესობა საქართველოდან წასულია - 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონიდან 3.6 მილიონ ადამიანამდე შემცირდა, რაც ერთერთი ყველაზე უფრო დიდი და დრამატული კლებაა. 

დარჩენილი მოქალაქეების დიდი ნაწილი კი დამოკიდებულია ისევ ხელისუფლებაზე - იმის გამო რომ საჯარო მოხელეა, სოციალურად დაუცველია, მუშაობს ოცნების კოორდინატორად, სახელმწიფო თუ მუნიციპალურ აიპიში.

ან კრიმინალური საქმიანობითადაა დაკავებული და ადვილად მოწყვლადია. 

ამას ემატება კერძო სტრუქტურებში დასაქმებულების ასევე ტოტალური კონტროლიც იმიტომ რომ მის დამსაქმებელს არ შეექმნას პრობლემა. 

შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილი ცდილობს იყოდოს ყველა დიდი ბიზნესი საქართველოში…

ამით, ის ერთი მხრივ, ზრდის საკუთარ მოგებას, მეორე მხრივ, ზრდის მასზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობას, რაც ასე მნიშვნელოვანია არჩევნებზე.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიცის მთავარი ბირთვი - ენმ და ევროპული საქართველო 9 წელი იყო ხელისუფლებაში და მათი შვიდწლიანი დემონიზაციის ფონზე,   საზოგადოების მინიმუმ 20 პროცენტისთვის ისედაც მიუღებელია. 

ამის გარდა, საქართველოში ყოველთვის არსებობდა ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი - ხელისუფლება, ქართული ეკლესია, რუსეთი, ოლიგარქები… 

გამსახურდიას, შევარნაძის  და ასევე ენმ-ის მმართველობის დროს ასე თუ ისე, ეს ძალაუფლების ცენტრები ერთმანეთს აბალანსებდნენ. 

ენმ ძალაუფლების მხოლოდ ერთ ცენტრს ფლობდა-ხელისუფლებას. რუსეთი და ოლიგარქები კი ძირითადად მისი მოწინააღმდეგე იყო. 

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, საპატრიარქო, ყველაზე კარგ შემთხვევაში  ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა. 

დღეს კი, ძალაუფლების ყველა ეს ცენტრი არის ივანიშვლის მხარეს. 

ივანიშვილის ძალაუფლების რეალური საპირწონე (თუ ოპოზიციას არ ჩავთვლით) კი, მხოლოდ რუსთავი 2-ია. 

სწორედ ამიტომ გადაუკეტეს მას სარეკლამო ბაზარი, დაადეს ყადაღა მის ქონებას და მორჩილი ქართული სასამართლოს მეშვეობით რეიდერობასაც შეეცადნენ. 

კალაძის ბოლო კომენტარიც ადასტურებს რომ მალე მორიგი შეტევის ობიექტი იქნება რ2. 

ივანიშვილი არ გარისკავს 2020 წლის არჩევნების ჩატარებას რ2-ს პირობებში - არა იმიტომ რომ ფიქრობს ვერ მოიგებს მორიგ არჩევნებს, არამედ, ძალიან ძვირი დაუჯდება. 

ჩემი გუშინდელი დაკავება ასევე იმის  დასტურია, რა ცინიკურ და ტოტალიტარულ რეჟიმთან გვაქვს საქმე. 

მე დამაკავეს ზუსტად იმისათვის, რასაც ჰქვია ჟურნალისტური საქმიანობა, ვაშუქებდი მოვლენებს არჩევნების დღეს და კითხვებს ვუსვამდი პოლიციელებს.

რომ არა აიტივის ოპერატორის მიერ გადაღებული დაკავების კადრები, დღევანდელი დღის და კიდევ ბევრი დღის ციხეში გატარება მომიწევდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ იხილა პოლიციელთა  მხრიდან უკანონო დაკავების ფაქტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ცხადია არცერთი პოლიციელს არ წარდგენია ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო. 

ამ ფონზე ხელისუფლების და სახელისუფლებო მედიის   რეაქცია სრულიად ცინიკურია. 

თუ თქვენ ფიქრობთ,  რომ ვრემიას ტიპის საბჭოური მედია აღარ არსებობს, მაშინ ჩემი გუშინდელი დაკავების გაშუქება უნდა ნახოთ ტელეკომპანია იმედზე. 

ასევე მისი ერთერთი წამყვანის საეთერო ფსკერი.

თუმცა, პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე რომ ჩემს საქმეზე მივაღწევ სამართალს, რათა ამ რეჟიმმა ვეღარ შეძლოს სხვა ჟურნალისტების და მოქალაქეების დაჩაგვრა. 

ამ ბრძოლაში მე სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი მაქვს.

არჩევნების შედეგებით ფრუსტრირებულ ოპოზიციას და თანამოქალაქეებს კი, მინდა უბრალოდ ჩემი აზრი გავუზიარო: ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში ხალხთან, არ მივატოვოთ რეჟიმისგან დაჩაგრული არცერთი მოქალაქე. 

განსაკუთრებით დავიცავით ის აქტივისტები, რომლებსაც თავისი გამოხატული პოზიციის გამო პრობლემებს უქმნის  ხელისუფლება. 

ნუ გავყვებით ივანიშვილის ბოროტი პიარ სპეციალისტების მიერ გავლებულ სადისკუსიო ხნულს - თითქოს არჩევნების წაგება ისევ ოპოზიის ბრალია, 

თითქოს პროტესტის გამოთქმა და უსამართლობის წინააღმდეგ გამოსვლა დესტაბილიზაციაა. 

საზოგადოება ელოდება ბრძოლას და არა აკადემიური კამპანიის ჩატარებას,  რაც მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში მოღვაწე პოლიტიკოსების ფუფუნებაა.

ჩვენ ხომ კორუმპირებული, კრიმინალი და ქართული სახელმწიფოს მტერი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ, რომელსაც პრიალა პარკეტიდან ვერ დავამარცხებთ.