• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

„ის ფული, რომელიც ვითომ ხევების გაწმენდაში იხარჯება, მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში“ - გიორგი ბოტკოველი ლაგოდეხის სტიქიის შესახებ

ლაგოდეხში, სტიქიამ 10 სოფელი დააზარალა,  დატბორილია სახლები და ნათესები, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია.

ხელისუფლების პასუხი დაზარალებულებისთვის კი  ერთადერთია - „დავითვლით ზარალს“.

რატომ არ ატარებს ხელისუფლება  ლაგოდეხში სტიქიის საწინაღმდეგო ქმედებებს, სად წავიდა ფული, რომელიც არხების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის იყო გამოყოფილი და რა პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას ლაგოდეხში მომხდარზე? - ამ თემებზე, „პრესა.ჯი“-სთან დაწვრილებით საუბრობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი.

პრესა.ჯი: რა ტერიტორია გაანადგურა სტიქიამ ლაგოდეხში და რატომ ვერ მოხდა სტიქიის თავიდან აცილება კონკრეტული გზების მეშვეობით?

გიორგი ბოტკოველი: მთავარია რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოს ის ზარალი, რაც მიადგა მათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, დაპირება დაპირებად რჩება. თითქოს დადიან, ვითომ  აღწერას აკეთებენ, თუმცა, სადაც მე ვიყავი იმ სოფლებში საერთოდაც არც მისულან ჯერ. 

ასობით ჰექტარია განადგურებული, სადაც ნათესები იყო, რომელიც ფაქტობრივად აღარ გაიხარებს, ასევე, დატბორილია სახლები, დაახლოებით 10 სოფელში. 

- რას პასუხობს ხელისუფლება მოსახლეობას?

- ერთადერთი რასაც ეუბნება მოსახლეობას, ზარალს დავითვლითო, მაგრამ ეს ყოველთვის უშედეგოდ რჩება. 

რაც შეეხება დაზღვევას, რითიც თავს იმართლებს ხელისუფლება, ეს ჯერ არ ამოქმედებულა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოება ამ პრობლემის წინაშე დგას, სტიქია ხდება იმ დროს, როდესაც დაზღვევა ჯერ არ არის ამოქმედებული, ამიტომ იმ ადამიანებს ვისაც დაზღვევის ფული გადახდილი ჰქონდათ, ისინიც უპატრონოდ რჩებიან.

- რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას პრევენციისათვის?

- მთავრი პრევენციული ზომები, რომელიც ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა არ გატარებულა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გაწმენდილა არცერთი ხევი, მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხი ყოველთვის იყო მნიშველოვანი ამ მიმართულებით. 

იქ წლის დასაწყისში ყოველთვის იწყებოდა ხევების გასუფთავება, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში არც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარებულა და არც ხევები გაწმენდილა. 

ხელისუფლება კი ისევ კორუფციული საქმეებით არის დაკავებული, ვითომ რაღაც კეთდება, მაგრამ ამ დროს შედეგს ვიღებთ. ადამიანები კი ზარალდებიან. 

ის ფული, რომელიც ვითომ ხევების გაწმენდაში იხარჯება, მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში. სინამდვილეში კი არაფერი არ კეთდება.


თეგები :

სტიქია