• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

ყაზტრანსგაზ-თბილისისპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

ყაზტრანსგაზ-თბილისის ცხელ ხაზზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება, რომ გლდანის მე-7 მიკრორაიონის მე-12 კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა.

 

სპეციალურმა აპარატმა გაზის დაგროვება დაადასტურა, ასევე, დაკეტილ ბინაში. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.

 

შემოწმებისას დადგინდა, რომ მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი იყო გახსნილი და ბინაში გაზის დაგროვება ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ასევე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა დღეს დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე. დაკეტილ ბინაში და შემდეგ უკვე კორპუსში მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა გაზის სუნი.

 

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

 

დღევანდელი შემთხვევა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ აღნიშნულ მისამართზე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა კომპანიას მხოლოდ დღეს შეატყობინეს. ყაზტრანსგაზ-თბილისი გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს!


თეგები :