• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ჭავჭავაძის 5-ში მუშების დაღუპვის საქმეზე „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო სამუშაოებისას ორი მუშის დაღუპვის საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის" მიერ  წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა  მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული  იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ  შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის"  დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს  წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, მოსამართლის  განჩინების საფუძველზე დააკავეს. მიმდინარე წლის 31 მარტს შპს „ხიმინჯ სერვის 2-ს" მიერ მიერ თბილისში,  ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის  საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის  ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. ორივე მათგანი დაიღუპა. 


თეგები :