• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

მსოფლიოში მნიშვნელოვანი და გამორჩეული 36 ადგილის სიაში, საქართველო მე-12 ადგილზეა

საქართველოს ულამაზესი ლანდშაფტები და უნიკალური ბიომრავალფეროვნება ეკოტურიზმის განვითარებისთვის უპირველესი ფაქტორია. საქართველოს ყველა პირობა გააჩნია საიმისოდ, რომ ტურიზმის ამ მიმართულებამ პოპულარობა მოიპოვოს. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ 2011 წლის ტურისტულ სეზონს, დაცული ტერიტორიების სააგენტო განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.

რა არის ეკოტურიზმი და როგორ ვითარდება ის საქართველოში, ამ თემებზე ,,პრესა.ჯი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარეს, გიორგი შონვაძეს ესაუბრა.

ეკოტურიზმი საქართველოსთვის ახალი პროდუქტია, ბევრმა მისი მნიშვნელობა არც კი იცის. შეგიძლიათ აგვიხსნათ მისი მნიშვნელობა და რით განსხვავდება ის ეულებრივი ტურიზმისგან?

– ეკოტურიზმი არის ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ნიშნავს ბუნებაში გაცნობიერებულ და ბუნების მიმართ პასუხისმგებლურ მოგზაურობას, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნებთან.

ეკოტურიზმი, ტურიზმის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოგზაურობას და მიღებული შემოსავლების გამოყენებას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის.

შეიძლება თუ არა საქართველოში ეკოტურიზმი უმაღლეს დონეზე განვითარდეს?

საქართველო  უნიკალური ბიომრავალფეროვნების და ულამაზესი ლანდშაფტების  მხრივ, მსოფლიოში მნიშვნელოვანი და გამორჩეული 36 ადგილის (hot spot) სიაში შედის, უფრო მეტიც საქართველო ამ სიაში მე-12 ადგილზეა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, ტურისტული ბაზრის სეგმენტი, რომელიც მოიცავს დაცულ ტერიტორიებზე რეკრეაციულ აქტივობებს, უახლოეს წლებში გაიზრდება 10-20 %-ით (სათავგადაასავლო, გამაჯანსაღებელი, კულტურული, ბუნებისმოყვარულთა ტურიზმი). ამ სეგმენტების ზრდის ტემპი აღემატება, საერთოდ, მსოფლოს ტურიზმის ზრდის ტემპს.  შესაბამისად   საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია იმისათვის, რომ ეკოტურიზმი უმაღლეს დონეზე განვითარდეს.

რამდენად პოპულარული და მოთხოვნადია საქართველოში ეკოტურიზმი?

– გამომდინარე საქართველოს უნიკალური ბუნებიდან, დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული ინფარსტრუქტურიდან და სერვისებიდან, საქართველოში წლიდან წლამდე  ეკოტურიზმზე მოთხოვნა იზრდება. ამის დამადასტურებელია ვიზიტორთა სტატისტიკა  დაცულ ტერიტორიებზე ბოლო წლების განმავლობაში. 2009 წელს, 2008  წელთან მიმართებაში, ეკოტურისტების რაოდენობა გაიზარდა 84% -ით, ხოლო 2010 წელს, 2009  წელთან მიმართებაში, 54% -ით.

ეკოტურიზმის მხრივ, ტურისტებისთვის საქართველოს რომელი მხარეა უფრო პოპულარული და მიმზიდველი?

– მოგეხსენებათ საქართველოს დაცული ტერიტორიები მოიცავს  სხვადასხვა ტიპის  ეკოსისტემებს. დაცული ტერიტორიები მდებარეობს მთაში, ბარში, სანაპირო ზოლში, ასევე, იმერეთის რეგიონში არსებობს მღვიმოვანი ტერიტორიები. შესაბამისად ყველა დაცული ადგილი თავისებურად  გამორჩეულად  მიმზიდველი და მოთხოვნადია. თუმცა, ალბათ, აღნიშვნის ღირსია ახლად გახსნილი  სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი,  რომელსაც საშუალოდ, დღიურად,  800-მდე ეკოტურისტი სტუმრობს.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დაცული ტერიტორიები? როგორც ცნობილია, სწორედ დაცული ტერიტორიები უწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას.

– დაცული ტერიტორიები საქართველოს საგანძურია, რომელთაც ასევე, სხვა მრავალი ფუნქციაც აკისრია: მოსახლეობისთვის სუფთა წყლისა და ჰაერის მიწოდება, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, განათლება, მეცნიერების განვითარება, ქვეყნის პოპულარიზება საერთაშორისო დონეზე და სხვა. უკანასკნელ წლებში, საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა ამ დამატებითი ფუნქციების შესრულებაც დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო მათ პოპულარიზაციას ეკოტურიზმის ბაზარზე.

როგორ ემზადება დაცული ტერიტორიები ზაფხულის სეზონისათვის? ზაფხულის რომელ თვეში ფიქსირდება ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი?

– ტურისტული სეზონისათვის მზადება, ფაქტობრივად, წლის დასაწყისიდანვე იწყება, როდესაც ხდება არსებული ტურისტული ინფრასტრუტურის შემოწმება, შეკეთება, სერვისების დახვეწა და სხვა. ასევე,  მიმდინარეობს მუშაობა ტუროპერატორებთან და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან, რომლებიც ტურისტულ ბიზნსში არიან ჩართულები. ეწყობა შეხვედრები, ტარდება მედია ტურები, რისი მიზანიც არის ახალი სერვისების და პირობების გაცნობა.

უკანასკნელი წლების სტატისტიკის მიხედვით, ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი აღინიშნება ზაფხულში, კონკრეტულად ივლისსა და აგვისტოში.

წელს რამდენ ტურისტს ელოდებით და თუ არის მათთვის შექმნილი სათანადო პირობები? (ინფრასტრუქტურა, საერთშორისო სტანდარტების სერვისები და ..).

– 2011 წლის ტურისტულ სეზონს დაცული ტერიტორიების სააგენტო შეხვდა განახლებული ინფრასტრუქტურით და დამატებითი, მოთხოვნადი ტურისტული სერვისებით.  შესაბამისად, წინა წლების ვიზიტორთა სტატისტიკიდან გამომდინარე, 2011 წელს ველოდებით დაახლოებით 300 ათასამდე ვიზიტორს, რაც წინა წელს 100 % - ით აღემატება.

საქართველოს ეროვნული პარკები ტურისტებს რა სახის ტურებსა და ტურისტულ სერვისებს სთავაზობს?

– დაცული ტერიტორიების სააგენტო, სხვადასხვა სახის ტურებს და სერვისებს სთავაზობს ვიზიტორებს. სერვისებიდან აღსანიშნავია სალაშქრო, საცხენოსნო, სამთო-ველო, საწყალოსნო, ფრინველებზე დაკვირვების, სპელეო და სხვა სახის ტურები. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია სასტუმროს ნომრების, საკონფერენციო დარბაზის, საკარვე ადგილის, სხვადასხვა სახის აღჭურვილობის ქირაობა და ა.შ.  ცხადია, სერვისები და ტურები, დაცული ტერიტორიების სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვაა. მათ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე:  www.apa.gov.ge.

რა ღირს ტურები და ტურისტული სერვისები და  ფასებს რის მიხედვით ადგენთ? ტურისტებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობა თუ გასწვდება ამ ფასებს?

– ალბათ ძნელია სათითაოდ ვისაუბროთ დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვიების ფასებზე. შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დაცული ტერიტორიების მიხედვით,  შესაძლებელი არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე.

ტურისტული სერვისების ბაზარზე არსებული ფასების შესასწავლად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები შეისწავლიან მიმდებარედ არსებული სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროებისა და მასში შემავალი სერვისების ფასებს. ასევე, ხდება ბაზარზე არსბული ფასებისა და საერთაშორისო გამცდილების გათვალისწინება. ტარიფების დადგენის ერთ-ერთი კრიტერიუმია სეზონურობაც.

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებს აქვთ სპეციალური კითხვარი ვიზიტორებისთვის, სადაც ერთ-ერთი კითხვა არის: თუ რამდენად მისაღებია მათთვის სერვისებზე არსებული ტარიფები. იმ შემთხვევაში, თუ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ესა თუ ის სერვისის ტარიფი მაღალია ან დაბალია, ადმინისტრაცია ამ დასკვნას განიხილავს და მიმართავს სააგენტოს სერვისის ფასის ცვლილების შესახებ.

რომელია ყველაზე ძვირი ტური და რატომ?

– ყველაზე ძვირი არის დელფინების ტური შავ ზღვაზე, აღნიშნული ტური ხორციელდება კოლხეთის ეროვნულ პარკში კატამარანით. მისი ღირებულებაა 195 ლარი, ხანგრძლივობა 1 საათი. თუმცა, თუ გავითვალიწინებთ, რომ კატამარანში ერთდროულად 6 ადამიანი ეტევა, თითოეულ ადამიანისათვის ტურის რეალური ღირებულება შეადგენს  დაახლოებით 30 ლარს. ზოგადად, აღნიშნული ტურის სიძვირე განპირობებულია თვითღირებულებით.

რა კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები და ეკოტურიზმი მსოფლიოში პოპულარული გახდეს და რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს?

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, აქტიურად თანამშრომლობს, როგორც მასმედიასთან და ტუროპერატორებთან, ასევე, საელჩოებთან და ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის ადმინისტრაციასთან, კომუნიკაციის სწრაფად წარმართვის მიზნით იყენებს სხვადასხვა სოციალურ საიტებს.

თქვენ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტ მაიკელ მეიერს შეხვდით. ხომ არ არის ეს ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი?

– დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობით შედგა თანამრომლობა მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციასთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდა ექსპერტი მაიკლ მეიერი, რომელიც დაცული ტერიტორიების მონახულების, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრების და აზრთა გაზიარების საფუძველზე შემუშავებს დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ორიენტირებულ ეკოტურიზმის განვითრების საპროექტო წინადადებას, რაც ეკუტურიზმის განვითარებისაკენ  მიმართული ქმედებაა.

როგორ შეიძლება უცხოელი ტურისტები დაგიკავშირდნენ? თუ არსებობს ტურების წინასწარ დაჯავშნის საშუალება?

უცხოელ და არა მარტო უცხოელ ტურისტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია  და რაც მთავარია, წინასწარ დაჯავშნონ სერვისები,  როგორც სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე, გამოგვიგზავნონ ელექტრონული შეტყობინება სპეციალურ  სააგენტოს საკონტაქტო მეილზე; ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც დაცული ტერიტორიების მიხედვით, მითითებულია საკონტაქტო პირის  ტელეფონები. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებს ჯავშნების გაკეთება შეუძლიათ ტუროპერატორების მეშვეობითაც.


თეგები :