• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ყაჩაღობის, მკვლელობისა და ძარცვის პოლიგონად გადაქცეული საქართველო - რატომ გვატყუებს ბახტაძე?

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დღევანდელი განცხადებით ფაქტობრივად თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულის სტატისტიკას აყალბებდა, რითაც შს სამინისტროს მაღალჩინოსნები თავად სჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს. 

მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან რიხით განაცხადა, რომ „დანაშაულის 54 პროცენტიანი ზრდა აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული“.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური თვალსაზრისით კატასტრუფული მდგომარეობაა, არ შეესაბამება სინამდვილეს. 

გამოდის, რომ ყოველდღიური ყაჩაღობები, ქურდობები, მკვლელობები, გახშირებული კრიმინალი, ბინების, მაღაზიების, ოფისების დარბევის, გაქურდვისა და ძარცვის ფაქტები საქართველოს მოქალაქეებს ეჩვენებათ, რადგან თურმე, პრემიერის მტკიცებით „ეს რეალობა არ არის“. 

თუ ბახტაძეს დავუჯერებთ და დანაშაულის ასეთი მასშტაბური ზრდა მართლაც მისი აღრიცხვის სიზუსტითაა გამოწვეული, საკითხავია, რატომ არ არის დასჯილი შს სამინისტროს არც ერთი მაღალჩინოსანი, სტატისტიკის გაყალბებისა და კრიმინოგენური მდგომარეობის ამგვარად „შელამაზებისათვის“? 

2013 წლიდან მოყოლებული, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი მხრივ, დანაშაულის მაჩვენებელი იკლებდა, ხოლო მეორე მხრივ, მისი გაზრდის მაჩვენებელი იმატებდა.

დღეს კი, იმავე სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია, ხოლო მისი გახსნის პროცენტილი წილი - შემცირებული. 

თუმცა, სტატისტიკას, ფურცლებსა და ბიუროკრატიას რომ თავი დავანებოთ, მოქალაქეები საკუთარ თავსა და ქონებაზე გრძნობენ - რა ხდება კრიმინალის კუთხით საქართველოში. 

შესაძლოა, კაბინეტში გამოკეტილი ბახტაძე, რომელიც ნომინალური პრემიერია, ვერ ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა მკვლელობების, ყაჩაღობებისა და ძარცვის პოლიგონად იქცა, თუმცა, ამ საშიშ და სახიფათო მდგომარეობას, თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვამჩნევთ.

რუსული მენტატიტეტის მქონე შს მინისტრი გახარია, ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალს ებრძოდეს, ბიზნესმენებს ატერორებს, ამომრჩეველს აშინებს და ე.წ. კანონიერ ქურდებთან თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. 

შედეგიც სახეზეა - აღარც ქუჩაში გასვლაა უსაფრთხო და აღარც მანქანის ეზოში დატოვება.