• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

„ლუკოილის“ დირექტორს იარაღით შეუვარდნენ და გააგდეს - დიდი კორუფცია და ფარცხალაძის „ბრაბუსის“ სკანდალი - ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ლუკოილის დირექტორი, ზაზა ქათამაძე, რომელიც სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილის კორუფციული სქემების ერთერთი მონაწილე იყო ბათუმის ტერმინალში, კომპანიიდან იარაღის გამოყენებით გააგდეს. 

ინციდენტი, რომელსაც ზაზა ქათამაძე შეეწირა, სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა. 

ლუკოილის დირექტორს, რომელსაც კონსულტანტად ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ჰყავდა გაფორმებული, კომპანიაში შეუვარდნენ, თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და ჩხრეკა ჩაატარეს. 

ზაზა ქათამაძე კი, კორუფციაში დაადანაშაულეს, მასალები პროკურატურაში გადააგზავნეს და კარისაკენ მიუთითეს... როგორც ამბობენ, დირექტივა რუსეთისგან და ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. 

მოხსნილი ქათამაძე ახლა იმის მოლოდინშია თუ როდის გამოიძახებენ დაკითხვაზე. ერთერთი ფაქტი, რომელსაც მას ედავებიან, 600 ათას ლარამდე საწვავის მითვისებაა, რომელიც გამოძიებისა და ლუკოილის ახალი მენეჯმენტის ვერსიით, მისი დაცვისა და მძღოლის სახელით მოტეხა.

რა უჯდება ლუკოილს ფარცხალაძის ბრონირებული „ბრაბუსის“ შენახვა? 

ბოტასის ქურდობისათვის გასამართლებული ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ლუკოილში უკვე რამდენიმე წელია კონსულტანტად არის გაფორმებული.

მას, მაღალი ხელფასი და სასათბურე პირობები ლუკოილის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა, ზაზა ქათამაძემ შესთავაზა პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ. 

მეტიც, ქათამაძის ორგანიზებით, კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო როგორც ფარცხალაძის „ბრაბუსის“ საწვავით უზრუნველყოფა, ისე ნებისმიერი ის ხარჯიც, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის ავტომანქანების მომსახურებას ეხება.  

პრესა.ჯის, ლუკოილის მოქმედი თანამშრომელი უყვება რომ ფარცხალაძის „ბრაბუსის“ შენახვა კომპანიას წლიურად მილიონ ლარამდე უჯდება. 

ყოფილი მთავარი პროკურორი თავის ბრონირებულ „ბრაბუსს“ უფრთხილდება და სათადარიგო ნაწილებს, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, საკმაოდ მალ-მალე ცვლის. 

ყოფილ პროკურორს ჰყვარებია ახალ-ახალი საბურავებიც, რომელსაც ასევე ლუკოილის ხარჯზე ყიდულობს.

წმენდა კომპანიაში და ზარი რუსეთიდან...

ქათამაძის მოხსნის შემდეგ, ლუკოილში სტამბოლიდან ახალი მენეჯერი ჩამოვიდა, რომელმაც მისი კადრები „ბითუმად გაუშვა“. 

როგორც ლუკოილის მოქმედი თანამშრომელი გვეუბნება, მას ფარცხალაძის გათავისუფლებაც სურდა. თუმცა, მოულოდნელად რუსეთიდან დაურეკეს და „გადააფიქრებინეს“. 

შედეგად, ყოფილი მთავარი პროკურორი ლუკოილში კვლავ კონსულტანტად დარჩა და ივანიშვილის „ფხიზელი თვალის“ ფუნქციის შესრულება გააგრძელა. 

კორუფცია ბათუმის ტერმინალში და ჩხარტიშვილის „ვიბრო დიაგნოსტიკი“...

ლუკოილის ყოფილი დირექტორი იმუქრება რომ თუ პროკურატურა მის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებს, „ყველა კარტს“ გახსნის. მათ შორის ბათუმის ნავთობ ტერმინალისა და ვიბრო დიაგნოსტიკის საქმესაც, რომლის უკანაც ივანიშვილთან დაახლოვებული შევარდნაძის ხელისუფლების ექს-მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი დგას. 

საუბარია ყაზახების მიერ კონტროლირებადი ბათუმის ნავთობ ტერმინალიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის არალეგალურად ვიბრო დიაგნოსტიკის რეზერვუარებში გადამისამართებაზე... 

ამ სქემის მიხედვით, არალეგალურ ნავთობს უკანონოდ ყიდიან და რუსული გემებით გააქვთ საქართველოდან. საქმე ათეულობით მილიონს ეხება.

რას ამბობენ ლუკოილში?

მას შემდეგ, რაც ლუკოილ ჯორჯიას ხელმძღვანელებმა სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხეს, ჩვენ მარკეტინგის თანამშრომელს დავუკავშირდით, რომელმაც უსაფრთხოების სამსახურის ნომერი მოგვცა და გვირჩია - „უსაფრთხოებაში“ დაგვერეკა... 

პრესა.ჯი: როდის გაათავისუფლეს ზაზა ქათამაძე დირექტორობიდან და ვინ დანიშნეს მის ნაცვლად? 

ლუკოილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი: მე უსაფრთხოების თანამშრომელი ვარ და არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ, სხვა დროს დარეკეთ... სამუშაო საათებში გაგესაუბრებიან კომპეტენტური პირები. 

- ახლაც ხომ სამუშაო საათებია? სასწრაფო ინფორმაციაა და გვინდა კომპანიის პოზიცია გამოვაქვეყნოთ... 

- ახლა ვერ მოხერხდება მათთან დაკავშირება. შეხვედრაზე არიან ისინი, ვისაც უნდა დაელაპარაკოთ. 

- სამუშაო საათები რომლამდეა თქვენთან? 

- ხუთ საათამდე, მაგრამ დღეს შეხვედრის გამო არ არიან ადგილზე და ვერ უპასუხებენ თქვენს კითხვებს.

ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა რომ კომპანიის ახალი მმართველები ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან. 

თუმცა, ისინი მედიასთან ურთიერთობას გაურბიან, სავარაუდოდ, კომპანიაში არსებული ქაოსის, იარაღის გამოყენებით დირექტორ ზაზა ქათამაძის მოხსნისა და იქ მომხდარი დაპირისპირების გამო.

×