• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

კალაძის კორუფციული ვნებები - სად გაქრა 358 მილიონი?

თბილისის მერის კორუფციული ვნებები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, კახი კალაძეს, ასეულობით მილიონი აპატია ან აჩუქა. 
კერძოდ: 2012 წლამდე, კახი კალაძესა და ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ. 

კალაძემ ბიუჯეტის წინაშე საკმაოდ დიდი ვალდებულება აიღო - თბილისში, ე.წ. არსენალის მთის ირგვლივ 70 ჰექტარზე ბიზნეს-პროექტების განხორციელების მიზნით. თუმცა, აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და შესაბამისად, 76 მილიონ ლარამდე ვალი დაუგროვდა.

2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის თანხმობით, კალაძის კომპანიებს მილიონები ჩამოაწერეს. მაშინ, როდესაც თითოეულ ჩვენგანს საგადასახადო სამსახური ერთ ლარსაც არ გვპატიობს, მას ათეულობით მილიონი, უბრალოდ, აჩუქეს.

კალაძე და „ყაზტრანსგაზი“

ამავე დროს, კახი კალაძის პირადი ბიზნესია ყაზტრანსგაზიც. ის, ამ კომპანიას ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის რანგში აკონტროლებდა. 

მაშინ, ყაზტრანსგაზში მმართველად „კალა კაპიტალის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კომუნისტური რეჟიმის აქტიური მეხოტბე გვარად ბენაშვილი დაინიშნა. 

კალაძე სწორედ მისი მეშვეობით მართავდა ყაზტრანსგაზსს. დღეს კი, კომპანიის დირექტორი, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი კობახიძეა, რა თქმა უნდა, კალაძის გავლენით.

უსაფრთხოების სამსახურის მოშლამ და არაკომპეტენტურმა მმართველობამ კი, „ყაზტრანსგაზის“ დავალიანება ბიუჯეტისადმი 50 მილიონით გაზარდა და 96 მილიონს მიაღწია. 

თუმცა, როდესაც კომპანიის გაყიდვა და კალაძის ბიზნეს-პარტნიორ ხვიჩა მაქაცარიასთვის მიყიდვა გადაწყდა, ხელისუფლებამ „ყაზტრანსგაზსს“ 96 მილიონიანი დავალიანებაც ჩამოაწერა.

ე.ი კალაძის საკუთარი ბიზნეს-ინტერესების გამო, საქართველოს ბიუჯეტმა „ყაზტრანსგაზს“ 96 მილიონი აჩუქა, რის შემდეგაც თბილისის მერმა, 50 პროცენტი ხვიჩა მაქაცარიას მეშვეობით, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიით შეიძინა. 

ასე აღმოჩნდა თბილისის მერის ხელში კომპანია „ყაზტრანსგაზი“, რომლის დაუდევრობის გამო ადამიანები იღუპებიან. 

ბოლო ასეთი ფაქტი 16 იანვარს დიდ დიღომში მოხდა - „ყაზტრანსგაზის“ დაუდევრობამ აფეთქება და 4 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, მათ შორის 4 წლის ბავშვის.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კალაძის ბიზნესი ფულს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე აკეთებს. ცოტა ხნის წინ, გაზის გაჟონვის შედეგად ფონიჭალაშიც მოხდა აფეთქება. გარდაიცვალა დედა-შვილი.

ოფიციალური მონაცემებით კი, ბოლო სამ წელიწადში, გაზის გაჟონვა-აფეთქების შედეგად 86 ადამიანია გარდაცვლილი. 

„გაზპრომი“ და დაკარგული 182 მილიონი

2017 წელს, ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა კალაძემ ივანიშვილის დავალებით „გაზპრომთან“ წამგებიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე, საქართველოზე გატარებული გაზის სანაცვლოდ, ფიქსირებულ თანხას გვიხდის - 15 მილიონი დოლარის ფარგლებში. 

ეს მაშინ, როდესაც მანამდე არსებული ხელშეკრულებით, რუსული მხარე, სომხეთისათვის საქართველოს გავლით მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, გატარებული გაზის 10 პროცენტს გვიხდიდა, რაც წლიურად 50 მილიონი დოლარი იყო.

გამოდის რომ კალაძემ და ივანიშვილმა საქართველო 35 მილიონი დოლარით აზარალეს, რაც საშულოად 91 მილიონი ლარია. ხოლო ვინაიდან ხელშეკრულება ორწლიანი იყო, ბიუჯეტმა ამ დროის განმავლობაში 182 მილიონი ლარი დაკარგა - ჯერჯერობით. 

თუმცა, არსებული ინფორმაციით, კალაძემ ივანიშვილის დავალებით ხელშეკრულება გააფორმა არა უშუალოდ გაზპრომთან, არამედ შუამავალ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ, გაზპრომთან შეთანხმდა და ამ კომბინაციით ათეულობით მილიონიც „მოხსნა“ - თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან.

კალაძე ხელფასს არ იღებს...

კორუფციაში დადანაშაულებული მერი ხელფასზე უარს ამბობს და ასეთი პოპულიზმით ცდილობს საზოგადოების ნაწილის გულის მოგებას. 

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კალაძემ მხოლოდ დასახელებული ფაქტების მიხედვით, საქართველო 358 მილიონით აზარალა და არალეგალურად ხელში ჩაიგდო სტრატეგიული „ყაზტრანსგაზი“, რომლის დაუდევრობას ადამიანები ეწირებიან და რომელსაც დიდი ალბათობით, მალე რუსულ გაზპრომსაც მიყიდიან, რათა პუტინმა საქართველოზე ზეწოლისათვის დამატებითი ბერკეტი მოიპოვოს.

არადა, საქართველოს მოქალაქეებისათვის ბევრად კარგი იქნებოდა კალაძეს რომ ხელფასი აეღო და უარი ეთქვა არალეგალურ, კორუფციულ, საეჭვო გარიგებებზე.

კალაძეს, 2012 წლამდე ჰქონდა ფული, რომელიც სპორტით, მოდელობითა და ბიზნესით გამოიმუშავა. 

თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მას ახლა აქვს დიდი ფული, რომელიც კორუფციითა და უკანონო საქმიანობით იშოვა - მათ შორის ადამიანთა ტრაგედიის პარალელურად.