• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება

რუსული გამოცემა „იზვესტიას“ ინფორმაციით, ხვალიდან თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი დაიწყებს მუშაობას, რომელიც ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში განთავსდება.  შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პროცესი გამარტივდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული კერძო კომპანიაა და მასთან უწყებას არანაირი კავშირი არ აქვს. მათივე ინფორმაციით, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ვიზებზე მსურველთა განსაკუთრებით დიდი ნაკადი არის, თავად ქვეყანა კომპანიას ქირაობს, რომელიც ვიზების მსურველებს მოემსახურება – უვსებს აპლიკაციებს, ამუშავებენ ვიზის მსურველთა საბუთებს და მონაცემებს, შემდეგ საკონსულოს გადაუგზავნიან, ამ შემთხვევაში, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას.

უკვე ამოქმედდა საქართველოში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ვებგვერდიც: https://tass-georgia.ge/.

რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების მომსახურეობის ხარისხის გაზრდის მიზნით, 2018 წლის 17 აგვისტოს თბილისში იხსნება რუსეთის სავიზო ცენტრი (რსც). კერძოდ, მოხდება ვიზების გაფორმების პროცედურის დაჩქარება და გამარტივება, და აგრეთვე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები. აღნიშნულს ხელს შეუწყობს რსც-ს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრში, კომფორტული კეთილმოწყობილი ფართები და სხვა შესაძლებლობები. რსც ოფიციალურად უფლებამოსილია მიიღოს, დაამუშაოს და გადასცეს თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ფიზიკური პირებისა და იურიდიული ორგანიზაციებისგან მიღებული განსახილველი დოკუმენტები ყველა კატეგორიის ვიზის გასაცემად, გასცეს პასპორტები მზა ვიზებით და გაუწიოს სხვა მომსახურებები. რსც-ში დოკუმენტების შეტანისას, განმცხადებელი იხდის საკონსულო გადასახადს და სერვისის საფასურს. საკონსულო გადასახადის ტარიფები დადგენილია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სერვისის საფასური არის რსც-ს მომსახურეობის გადასახადი და შეადგენს 30 აშშ დოლარს. მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, რსც-ს შეუძლია დამატებითი მომსახურებების გაწევა, რომელთა ჩამონათვალისა და საფასურის დაზუსტება შესაძლებელია მის ოფიციალურ გვერდზე ან ტელეფონის მეშვეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.