• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

„ამ აქციებით, დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ძიუდოს, გულშემატკივრებსა და სპორტსმენებს“ - გურამ მოდებაძე

„ძიუდოისტების ნაწილმა არ მოისურვა შიდა სამზარეულოში ემსჯელათ, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ამ ყველფრის უკან დგას ხალხი, რომელთაც არ აწყობთ, რომ პრობლემა მოგვარდეს“, - ამის შესახებ ძიუდოისტმა და მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ PRESA.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე დაპირისპირების უკან შოთა ხაბარელი და მისი ინტერესები დგას .      
                       
PRESA.GE: როგორ აფასებთ ძიუდოისთა ნაწილის პროტესტს ქევხიშვილის წინააღმდეგ?

გურამ მოდებაძე: სპორტსმენმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა აკეთოს თავისი საქმე. მე, როგორც მწვრთნელი, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ანუ ამჟამად ვიმყოფები კორეაში საწვრთნელ შეკრებაზე. 

- თქვენი აზრით, ვისი ინტერესები დგას ამ დაპირისპირების უკან?

- უკვე კარგად გამოჩნდა ვის მიერაა ეს პროცესი მართული.  გამოდის ტელევიზიით პარლამენტის წარმომადგენელი - შოთა ხაბარელი, დიდის ამბით რომ საუბრობს და აშკარად ჩანს, რომ მის მიერაა მართული ეს ყველაფერი. 

- სპორტსმენთა ნაწილი ამით გულშემატკივარსაც ხო არ აყენებს შეურაცხყოფას?

- ძალიან ცუდია, რადგან ყველა არაა გარკვეული ამ პროცესში. არასდროს კომენტარი არ გამიკეთებია არც ფეისბუქის მეშვეობით და არც გავაკეთებ, იმიტომ, რომ იმდენად არ არიან ჩახედულები ძიუდოში, ან არიან ჩახედულნი და რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. ჩემი აზრით, ამ აქციებით, ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ძიუდოსდა ლაქას სცხებენ გულშემატკივრებსა და სპორტსმენებს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

- მე როგორც ვუსმინე, რამდენჯერმე იყო შეთავაზება, დასხდნენ მაგიდასთან და ეს გადაწყვეტილიყო შიდა სამზარეულოში, ოჯახში. იყო მსგავსი შეთავაზება, მაგრამ რატომღაც არ მოისურვა სპორტსმენების ნაწილმა, აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ამ დაპირისპირების უკან დგას ხალხი, რომელთაც არ აწყობთ, რომ ამ პროცესმა კარგად ჩაიაროს. 

- როგორ მიმდინარეობს ვარჯიშის პროცესი კორეაში?  მზად არიან სპორტმენები ჩემპიონატისათვის?

- ძიუდოისტები ძალიან კარგად, თავდადებულად ემზადებიან, 2 დღეში იაპონიიდან შემოგვიერთდებიან ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი და დაახლოებით, კიდევ 10 დღე დავრჩებით აქ - კორეაში.