• თბილისი
  • 14°C
  • 04 აპრილი, 2020
article

"მოსამართლეებს უჭირთ ოჯახში მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება"

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროკურორის არაეფექტურ და ხარვეზიან საქმიანობაზე საუბრობს. საიას კვლევაში, რომელიც ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე სასამართლო მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მონაცემები ეხება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში მოცემულია კონკრეტული მაგალითები, სადაც საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, სერიოზული ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის, მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე. 

„ხშირად ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ. ამ ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში პრობლემურია სასჯელის ადეკვატურობა, გამამტყუნებელი განაჩენებისა და დანაშაულის სერიოზულობის მიუხედავად, მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. კვლევამ აჩვენა, რომ პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებისთვის გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის გამოკვლევა და შეფასება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ არც ერთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად. მიუხედავად საქმეში არსებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მიმანიშნებელი გარემოებებისა, პროკურორებისა და მოსამართლეების ანალიზი ამ კუთხით მსჯელობას არ მოიცავს. დაფიქსირდა არასრული მსუბუქი კვალიფიკაციის შემთხვევები ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეზე, რაც პროკურორის არაეფექტურ და ხარვეზიან საქმიანობაზე მიუთითებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

საია იმედს იტოვებს, რომ გაკეთებულ დასკვნებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები გაიზიარებენ. 


თეგები :