• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

მძარცველი რუსი ეგზარქოსები საქართველოში

I ნაწილი

რასაკვირველია, რუსი ხალხისადმი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილები უნდა ჰქონდეს ყოველ ჩვენგანს. ასეთია ქრისტიანობისა და ადამიანურობის უმთავრესი პრინციპი. და ასეც არის. საქართველოში ვერ ნახავ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც არ აფასებდეს რუს ხალხს, მის კულტურას, მის გამოჩენილ შვილებს.

მაგრამ, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთი მხრივ, რუსი ხალხი და მეორე მხრივ, რუსული სახელმწიფო, ერთი მხრივ – სერაფიმე საროველი, წმინდა მატრონა, რუსი ხალხი და მეორე მხრივ – ალექსანდრე I, ვლადიმერ პუტინი და საერთოდ იმპერიალისტები.

საქართველოს ისტორიაში რუსი მეფეები და ჩინოვნიკები ცნობილნი არიან, ძირითადად, უარყოფითი საქმიანობით – დაპყრობა, სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, რეპრესიები და ა. შ.

ათასი უბედურება დასტყდომია ჩვენს სამშობლოს რუსული სახელმწიფოს, რუსი მეფეებისა და ჩინოვნიკების გამოისობით. ხშირად შეიძლება იფიქროს კაცმა, როდესაც რუსული იმპერიის შესახებ ლაპარაკობ, ანტიმართლმადიდებლურად განწყობილ, ჩვენს წინააღმდეგ საღვთო ომის გამოცხადებულ სახელმწიფოსთან ხომ არ გვაქვს საქმე. რუსი დამპყრობელ-ჩინოვნიკების ქმედებანი არაფრისდიდებით არ ჯდება მართლმადიდებლური რწმენის პრინციპებში. ამას არ ვიფიქრებდით, მარტო რუსი საერო მოღვაწენი რომ ყოფილიყვნენ დამნაშავენი საქართველოს წინააღმდეგ.

მაგრამ, სამწუხაროდ, სავალალოდ, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიის მტრები მხოლოდ რუსი მეფეები და ჩინოვნიკები არ ყოფილან. საქართველოში აღვირახსნილი რუსი “მღვდელმთავრებიც მოღვაწეობდნენ”.

გთავაზობთ ნაწყვეტებს რუსი მწერლის ნიკოლოზ დურნოვოს წერილიდან “ქართული ეკლესიის ბედი”, რომელშიც სამართლიანი რუსი კაცის კალმით გადმოცემულია ის ვერაგობანი, რომელსაც რუსი ეგზარქოსები და მათი დამქაშები სჩადიოდნენ ჩვენს სამშობლოში.

ნ. დურნოვოს წინამდებარე წერილი გამოქვეყნებულა 1907 წელს გაზეთ "რუსკი სტიაგში". ის 1917 წელს თარგმნა ტრიფონ ჯაფარიძემ. გამოქვეყნდა 1917 წელს ("ჩვენი ქვეყანა"). მერე ისტორიკოსმა მერაბ კეზევაძემ  შემოგვინახა ("განთიადი"). იგი მუშაობდა ავტორის ბიოგრაფიაზეც.

როგორც ჩანს, ნ. დურნოვო იყო რუსეთის პატრიოტი, “მემარჯვენე”, როგორც წერს ტ. ჯაფარიძე. მას საქართველო უყვარდა, ვითარცა ქრისტიანს, თუმცა მისი სურვილი იყო ჩვენი ქვეყნის რუსეთის მფარველობაში დატოვება. მაგრამ, რაც შეეხება საეკლესიო საკითხებს, ის განსწავლულია, სამართლიანია და მომხრეა ქართული ავტოკეფალიის აღდგენისა. მეტიც, ის თვლის, რომ ქართული ეკლესია რუსული ეკლესიისათვის უფროსი დაა, ხოლო რუსეთის ეკლესია უმცროსი და (ავტოკეფალური ეკლესიები უნდა იყვნენ ერთმანეთის დები).

ნ. დურნოვოს თავის წერილში სხვათა ნაწერებიც აქვს გამოყენებული.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად რუსების წინააღმდეგობისა 1917 წელს საქართველომ მაინც აღიდგინა დედა ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ, რუსეთის ეკლესიამ 1943 წლამდე არ ცნო ეს ფაქტი. იმიტომ, რომ რუსეთის ეკლესიას მაშინაც დიდწილად მოძალადეები განაგებდნენ (იმიტომ დაისაჯნენ რომანოვები და მერე კი დაიშალა რუსეთის იმპერია – სსრკ). 

რუსებს დურნოვოსნაირი რომ ჰყოლოდა მმართველებად, ამდენ მტერს არ შეიძენდნენ და არც ამდენი წყევლა დაატყდებოდათ თავს (ამაზე სხვა დროს).

ქვემოთ, ჩვენეული კომენტარები მხოლოდ ფრჩხილებშია მოცემული, დანარჩენი ტექსტი ნ. დურნოვოს წიგნიდანაა მოტანილი. თავად დურნოვო სხვა ავტორებსაც იმოწმებს.
გთავაზობთ ნაწყვეტებს ნ. დურნოვოს ნაშრომიდან: 

"როგორც არ უნდა ითელებოდეს ჭეშმარიტება, როგორაც არ უნდა იცვლებოდეს იგი სიცრუითა და უსამართლობით, ბოლოს და ბოლოს იგი გაიმარჯვებს მაცხოვრის ხატის მიხედვით. ბოროტმა და უპატიოსნო ადამიანებმა მაცხოვარი ჯვარს აცვეს, მაგრამ იგი აღსდგა და მისი დიდება მთელ მსოფლიოში გაბრწყინდა.
ასევე უნდა ვიმედოვნოთ, რომ სიმართლე გამობრწყინდება დედამიწაზე და ჯვარმოსილ ქართულ ეკლესიაშიც."

"ქართველებს, – ამბობს ზაქარია მთისპირელი – არ სჭიდებათ რუსულ ეკლესიასთან კინკლაობა, რომელსაც საეკლესიო კანონების მიხედვით თავისი უფროსი დის – ივერიის სამოციქულო ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვს.”

"წინასაეკლესიო კრების კომისიაზე (სადაც განიხილეს ქართველი ერის მოთხოვნა აღდგენილიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. შემდეგ კრება უნდა ჩატარებულიყო. გ. მ.), ქართული ეკლესიის მტრებმა, რუსი ხალხის ერთგულმა დეკანოზებმა ტ. ბუტკევიჩმა და ვოსტორგოვმა, პროფესორებმა ალმაზოვმა, ნ. ნ. გლუბოკოვსკიმ და ი.  ს. ბერდნიკოვმა სხდომა ჩაშალეს და უსამღვდელოესი ეპისკოპოსები ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. გ. მ.) და კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. გ. მ). აგრეთვე პროფესორები ცაგარელი და მარი აიძულეს დაეტოვებინათ სხდომა.

საეკლესიო ისტორიის პროფესორს ი. ი. სოკოლოვს, კანონისტს ნ. ა. ზაოზერსკის, აგრეთვე ი. ს. პალმოვს, რომლებიც ქართული ეკლესიის უფლებებს ასაბუთებდნენ, თავიანთი აზრი არ შეუცვლიათ.

ქართული ეკლესია, 1811 წლამდე ავტოკეფალიით რომ სარგებლობდა და X საუკუნიდან მეთაურად თავიანთი კათალიკოს-პატრიარქები ჰყავდათ, ამაზე მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ იკამათონ, სულერთია ვინ იქნებიან ისინი – მღვდელმთავრები, მღვდლები თუ უბრალო ადამიანები” (აქ დურნოვო ოდნავ ცდება – კათალიკოსობა ქართლის ეკლესიაში V საუკუნეში დადგინდა. გ. მ.).

"1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში, 2 გურიაში.

ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში.

1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა.

1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია.

აი, საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი.”

"ცნობილი ავტორი წიგნისა "საეკლესიო საკითხები რუსეთში" (1896 წ. 83-99 გვ.) ქართულ ეკლესიას რამდენიმე გვერდს უძღვნის და ამბობს:

"თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების-უზურპატორების ქმედებაზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდება, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის ქონება გაეჩანაგებინათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, ისე როგორც დაბრუნდნენ:

ევსევი (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი ევსევი ილინსკი, საქართველოს ეგზარქოსი 1858-1877 წწ. გ. მ.), რომელმაც სიკვდილის შემდგეგ 200 ათასი მანეთი დატოვა (ეს მაშინ დიდი ფული იყო. გ. მ.);

პავლე (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი პავლე ლებედევი, საქართველოს ეგზარქოსი 1882-1887 წწ. გ. მ.), კვერთხშემართულმა ივერიის ეკლესია რომ დასწყევლა და თვითონ ხალხისგან შეჩვენებული, საქართველოდან გამოიქცა...”


თეგები :