• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

ივანიშვილის 150 მლნ დოლარიანი დახმარება, რომლის გამოც 2014 წელს მთავრობა მას მადლობას უხდიდა, ტყუილი აღმოჩნდა - 5 წლის თავზე ირკვევა რომ პროექტი არც კი დაწყებულა

2014 წელს, მთავრობა ივანიშვილს მადლობას უხდიდა 150 მლნ დოლარიანი ქველმოქმედებისათვის. თუმცა, 2019 წელს გაირკვა რომ პროექტი, სადაც ივანიშვილს თითქოსდა 150 მლნ უნდა დაეხარჯა, არც კი დაწყებულა.

ივანიშვილის დაპირებიდან 5 წლის თავზე ირკვევა რომ ე.წ. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის შესახებაც ოლიგარქმა 2014 წელს განაცხადა, ადგილიდანაც კი არ დაძრულა.

2014 წელს ივანიშვილი ირმუწნებოდა რომ ამ პროექტში ის პირად ფულს - 150 მილიონ დოლარს სრულიად უანგაროდ დახარჯავდა.

თუმცა, დღეს, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აღიარებს რომ  საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი შეჩერებულია.

"საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების ტემპით უკმაყოფილოები ვართ. უკმაყოფილო ვარ მე - ეკონომიკის მინისტრი და რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრიცა უკმაყოფილოა. 

პრემიერისგან მივიღეთ მკაფიო დავალება, რომ ყველა ასეთი გაჩერებული პროექტი, მათ შორის „ოუფენ ნეტი“ წინ წავწიოთ“, - ამბობს თურნავა. 

ოფიციალური ინფორმაციით: ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა. 

მაშინ, სამთავრობო არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ პროექტს ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდი“ სრულად დააფინანსებდა. 

მეტიც, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ქუმსიშვილი, რომელიც მოგვიანებით პოსტიდან კორუფციის ბრალდებით გაათავისუფლეს, გულითად მადლობას უხდიდა “ბატონ ბიძინას, ასეთი უანგარო ქველმოქმედებისათვის”.

„ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. 

ამ თემაზე მქონდა მასთან შეხვედრა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან რეალურად ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა. 

პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, - აცხადებდა  ქუმსიშვილი 2015 წელს. 

2015 წელს, ქუმსიშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდიდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძეც.

„საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში მაღალი ხარისხის და მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას ექნება. 

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით, 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება“, - ამბობდა ქაშიბაძე. 

თუმცა, დღეს ცნობილი ხდება რომ ე.წ. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ივანიშვილი არ აფინანსებს, ხოლო 5 წლის განმავლობაში ამ პროექტისათვის ივანიშვილის ქართუს ერთი ცენტიც არ გადაუხდია. 

მეტიც, ის, რაც თითქოს ივანიშვილის ქველმოქმედებით 2014 წელს "დაიწყო", "დაწყებიდან" 5 წლის შემდეგ თავიდან იწყება - მსოფლიო ბანკის დახმარებით.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით, ივანიშვილის დაპირებული 150 მილიონიანი ქველმოქმედება კი, ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა, როგორც უფასო ფული, დაბალპროცენტიანი კრედიტები, კომუნალური გადასახადების კლება თუ მეოთხე საუკეთესო წელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჯიბეზე უნდა ეგრძნოთ.