• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

პოლიციელებმა 15 წლის მოზარდს ხელი მოტეხეს, ქამრით სცემეს და ბოთლით გაუპატიურება დაუპირეს

რუსეთის მოქალაქის, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს პოლიცია ძალადობისა და სისტემური დანაშაულის ადგილად იქცა. გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები დაკავებულებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ამაზრზენი მეთოდებით უსწორდებიან: სცემენ, აწამებენ და გაუპატიურებით ემუქრებიან. 

"მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გიღებთ თუ როგორ დაგსვამთ ბოთლზე და შენს ძმაკაცებს ვანახებთო, მირტყამდნენ მოტეხილ ხელზე," - 15 წლის მოზარდი  პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. ფაქტი ბოლნისში მოხდა.

არასრულწლოვნი რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს ამბობს რომ პოლიციელები ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ქამრით სცემეს და დაკითხვის დროს, ცემის შედეგად ხელი მოტეხეს.

15 წლის სკოლის მოსწავლე ქურდობის ბრალდებით დააკავეს და მას, ბოლნისის პოლიციის შენობაში 8 საათის განმავლობაში განყოფილების უფროსი და სხვა პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

გახარიას პოლიციაში მომხდარი ამ ძალადობის გამო, 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ოპერაციის სასწრაფოდ გაკეთება გახდა საჭირო.

"ჩემმა მშობლებმა გენერალურ ინსპექციას არ მიმართეს, რადგან მათ ემუქრებოდნენ", - აცხადებს სკოლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის გამო დანაშაული აღიარა. 

თუმცა, მისი თქმით, პოლიციელები მასზე ფიზიკურ ძალადობას მაინც აგრძელებდნენ. 

„წიხლი ჩამარტყეს და მირტყეს მოტეხილ ხელში. ამიყვანეს პოლიციაში და მცემეს. 

მეუბნებოდნენ, ვიდეოებს გიღებთ, როგორ დაგსვამთ ბოთლზე და შენს ძმაკაცებს ვანახებთო. 

მირტყამდნენ, ქამარს, გასაღებს, ბოთლს. შენთან ერთად მეორე კაცი ვინ იყოო... მოტეხილ ხელზე მირტყამდნენ,“ - ამბობს პოლიცლეების მიერ ნაცემი მოზარდი.

გახარიას პოლიციელების მიერ ჩადენილი ამაზრზენი ძალადობის შესახებ მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ მხოლოდ „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო. 

მანამდე კი, არასრულწლოვანსა და მის ოჯახზე პოლიცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ახდენდა ზეწოლას, რომ ფაქტი არ გაეხმაურებინათ.

ეს ფაქტი ნათლად წარმოაჩენს იმ სისტემურ ძალადობას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიციაში დანერგა. 

ცემა, ზეწოლა, ძალადობა, მუქარა - ეს დღევანდელი პოლიციის სავიზიტო ბარათია. 

2012 წლიდან დღემდე პოლიციის მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო 10-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი. 

წინა კვირას კი, იმის გამო რომ გახარიას პოლიციელები ნარკოტიკების ჩადებითა და დაჭერით ემუქრებოდნენ, ერთერთმა პირმა პოლიციის განყოფილების წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.


×