• თბილისი
  • 6°C
  • 14 დეკემბერი, 2018
article

აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ ჯუჯა-სახელმწიფომ, ტუვალუმ აღიარა

აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ წყნარ ოკენეში მდებარე პოლინეზიის ჯუჯა-სახელმწიფომ, ტუვალუმ „აღიარა“. ამის შესახებ ინფორმაცია სეპარატისტულმა და რუსულმა მედიამ წუხელ, გვიან ღამით გაავრცელა. ქვეყანა რომელიც სოხუმელ სეპარატისტებს, სახელმწიფოებრიობანას თამაშში „აჰყვა“, 26 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და მისი მოსახლეობა, უკანასკნელი აღწერით, 12 177-ია. ის ესპანელმა ზღვაოსნებმა 1568 წელს აღმოაჩინეს. სპეციალისტების ინფორმაციით, იმ მცირე არქიპელაგს, სადაც ტუვალუა განთავსებული, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული ოკეანის დონის მატების გამო, ჩაძირვა ელოდება.

ძნელი სათქმელია, რა თანხა დაუჯდა წინასაარჩევნო გაწამაწიაში მყოფ კრემლს ამ „გრანდიოზული დიპლომატიური გამარჯვების“ ყიდვა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ჩრდილოეთით მდებარე მსოფლიოს „ზესახელმწიფო“ ხელის ფართოდ გაშლას კვლავ ერიდება და აფხაზების ინფანტილური პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას, იოლად გამოსვლით ცდილობს.

დღეის შემდეგ, სეპარატისტებმა წართმეული აიბღას, აფხაზეთის ქონების, ჩასახლებული კაზაკების, აფხაზური ეთნოსის რუსეთის მიერ წარმოებული ასიმილაციის აგრესიული პოლიტიკის პარალელურად, შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ „დიდი სტრატეგიული პარტნიორი“ მათთვის „რაღაცას აკეთებს“... ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს არის ამ რეალურად არაფრისმომტანი „აღიარებების“ ძირითადი მიზანი.

ჯერჯერობით, ასევე, უცნობია, რამდენი პრემიერ-მინისტრი განაგებს ტუვალუს და ვანუატუს მსგავსად, შეცვლის თუ არა დღეში სამჯერ საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ამ მოვლენის შესახებ "საზეიმოდ" უკვე იუწყება.

სეპარატისტების ცნობით, ეს აღიარება 18 სექტემბერს მოხდა, თუმცა ოფიციალური განცხადება მხოლოდ დღეს გაკეთდა. საჭირო დოკუმენტებს სოხუმის მხრიდან „პრემიერ-მინისტრმა“ სერგეი შამბამ, ხოლო ტუვალუდან - მისმა „კოლეგამ“ ვილი ტელავიმ მოაწერეს ხელი. როგორც ირკვევა, ტუვალუს დელეგაცია, საამისოდ, აფხაზეთში სპეციალურად ჩაფრინდა.

ტუვალუ ყოფილი ბრიტანული კოლონიაა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1978 წელს მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის სექტემბერში, ტროპიკებში მდებარე ეს ჯუჯა სახელმწიფო ერთ-ერთი იყო მსოფლიოს სხვა ქვეყნების შორის, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ქართველი დევნილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლების შესახებ იყო საუბარი. ამ დროისათვის, ტუვალუსთან ერთად, აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ მსოფლიო პოლიტიკის ისეთმა გრანდებმა „ცნეს“, როგორებიცაა ნაურუ, ვანუატუ, ნიკარაგუა, „სამხრეთ ოსეთი“, ვენესუელა და ბუნებრივია, თვით დიდი რუსეთი...


თეგები :