• თბილისი
  • 20°C
  • 21 ოქტომბერი, 2020
article

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით

„მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში.“ - ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს - „კავკასია 2020“ - ეხება.

ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

დღეს, ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე წევრი ქვეყნების დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“; საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ასევე აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა.​


თეგები :